შოთაძე: განრიდებული არასრულწლოვნების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგი ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად განმეორებითი დანაშაული მხოლოდ 3%-ია
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე – „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება: აღდგენითი მართლმსაჯულების გამოცდილება ევროპაში“ მოხსენება წარადგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მონაწილეებმა მოხსენებები დისტანციურად წარადგინეს.
ირაკლი შოთაძემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მიღწევებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაინერგა აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიებები ქართულ სამართლებრივ სივრცეში, რა ფორმით მოხდა მისი ინტეგრირება ტრადიციულ სამართლებრივ სისტემასთან და რა შედეგები გამოიღო.
მისი თქმით, აღდგენითი მართლმსაჯულების დამკვიდრება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში დაიწო.
„საქართველოს პროკურატურისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. პროკურატურა აქტიურად იყო ჩართული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე მუშაობაში და დღემდე მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებას, რათა არასრულწლოვნის მიმართ მართლმსაჯულების პროცესის წარმართვა საერთაშორისო სტანდარტებისა და ბავშვის ინდივიდური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე, მისი აზრის მხედველობაში მიღებით, უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობდეს“, – აცხადებენ უწყებაში.
როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების სახით განრიდება-მედიაციის პროგრამის დანერგვა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს საშუალება აქვს, გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებისათვის საკუთარი პასუხისმგებლობა, გამოასწოროს დანაშაულის შედეგები, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს.
„ამ პროგრამაში არასრულწლოვნის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა კანონმდებლობამ გამოძიების ეტაპზე პროკურორს მიანიჭა. პროკურორი თითოეული არასრულწლოვნის საქმეს ინდივიდურად განიხილავს, აფასებს და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სისხლის სამართლის საქმეზე, სოციალური მუშაკისა და მედიატორის მონაწილეობით, მულტისექტორული გუნდი იწყებს მუშაობას. სოციალური მუშაკი ახდენს ბავშვის ინდივიდურ შეფასებას, რომლის საფუძველზეც გამოკვეთილი დამცავი და რისკფაქტორები პროკურორს პროცესის შემდგომი სწორად წარმართვის შესაძლებლობას აძლევს. მედიატორი კი მუშაობს, რათა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის წარმატებული მედიაცია შედგეს”, -განაცხადა ირაკლი შოთაძემ
გენერალური პროკურორის განცხადებით, განრიდება მედიაციის პროგრამა სრულყოფილი ფორმით 2016 წლიდან ამოქმედდა. 2016 წლიდან განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არასრულწლოვანთან (14-დან 18 წლამდე ასაკის პირებთან) ერთად, 18-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებსაც აძლევს. 2010-2019 წლების მონაცემებით, განრიდება-მედიაციის პროგრამამ 4428 ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა ესარგებლა სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამით და გამოეყენებინა ერთი შანსი – დაეწყო ცხოვრება სუფთა ფურცლიდან. 4428 პირიდან 2910 არასრულწლოვანი, ხოლო 1518 18-დან 21 წლამდე ასაკის პირია. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ განრიდების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში სტაბილურად მზარდია.
მისი თქმით, არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამა, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების სახე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესზე ზრუნვასთან ერთად, მიზნად ისახავს დაზარალებულის ინტერესების მაქსიმალურ გათვალისწინებას. მისივე განცხადებით, საქართველოს პროკურატურისთვის დაზარალებულთა ჩართულობის გაზრდა მედიაციის პროცესში განსაკუთრებით აქტუალური საკითხია.
როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, განრიდებულებისთვის შეთავაზებული სერვისები პირობითად რამდენიმე ჯგუფად შეიძლება, დაიყოს: საგანმანათლებლო, სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, საზოგადოებრივად სასარგებლო აქტივობები. მისი თქმით, განრიდება-მედიაციის პროგრამა ნამდვილად არ არის კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება, ეს არის პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმა, რომელიც აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიებების გამოყენებით ცდილობს, უზრუნველყოს განრიდებულ პირში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება.
„დღეს ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ განრიდება-მედიაციის პროგრამა წარმატებულია. ამაზე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი განმეორებითი დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი. განრიდებულ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად განრიდების ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში განმეორებითი დანაშაული მხოლოდ 3%-ია. საქართველოს პროკურატურამ, ასევე, განახორციელა 2010-2018 წლებში სულ განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი განმეორებითი დანაშაულის კვლევა. კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ განმეორებითი დანაშულის მაჩვენებელი მხოლოდ 9%-ია.
შედეგებით ნამდვილად ვამაყობთ, თუმცა ეს არის გზის დასაწყისი, როდესაც ვხვდებით, რომ სწორი მიმართულება ავირჩიეთ და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გამოწვევაა. მათი წარმატებით დაძლევა დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ. იმისთვის, რომ პროცესი არ გახდეს ფორმალური, ვფიქრობთ, მოვიძიოთ და შევქმნათ სერვისების ბაზა, რაც გაამარტივებს აღდგენითი ღონისძიების სახით განრიდების გამოყენებისას არასრულწლოვანზე მორგებული ვალდებულებით ხელშეკრულებების დატვირთვას. მეტი გვაქვს სამუშაო მოქალაქეთა ცნობიერებაზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ დაზარალებულთა პროცესში ჩართულობა. ვმუშაობთ და ვაფართოებთ ბავშვზე მორგებული გარემოს კონცეფციას“, – განაცხადა შოთაძემ.
ირაკლი შოთაძემ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ, პროცესის სწორად წარმართვის უზრუნველყოფის მიზნით, პროკურატურამ დანერგა მონიტორინგის სისტემა, რომლის ფარგლებშიც მუდმივ რეჟიმში კონტროლდება განრიდების სისხლის სამართლის საქმეები, ყურადღება ექცევა პროკურორთა მიერ გადაწყვეტილების მიღების დროულობასა და დასაბუთებულობას, კონკრეტული ხარვეზის აღმოჩენისას ხდება მყისიერი რეაგირება, სისტემური პრობლემის დაძლევის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ეფექტურობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უწყებათა შორის სწორი კოორდინაციის აწყობა და ინფორმაციის მუდმივი მიმოცვლა.