თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა გოგიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არასრული საშუალო სკოლების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებისაგან ინფრასტრუქტურული პროცესების მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიიღო.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
“დღეს დავათვალიერეთ პროექტები, რომლებიც შეჩერებული იყო კოვიდინფექციასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო. სამუშაოები, ამჟამად, სრული დატვირთვით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს და დადგენილ ვადებში დასრულდება”, – აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.
მათივე ცნობით, სოფელ ჩხარში მცირეკონტიგენტიანი – 60 ბავშვზე გათვლილი არასრული საშუალო სკოლა აიგება, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხა 1 092 500 ლარს შეადგენს, ხოლო სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მშენებლობისათვის, რომელიც ასევე, მცირეკონტიგენტიანი არასრული საშუალო სკოლაა, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 124 000 ლარი დაიხარჯება. ორივე პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჯავა” ახორციელებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 24 საჯარო სკოლაა – 3 ახალი შენდება, 10 კი რეაბილიტირდება. რეაბილიტაციისათვის 481 ათასი ლარი დაიხარჯება. სამი ახალი სკოლის მშენებლობა, რაზეც, ჯამურად, 4 632 500 ლარი დაიხარჯება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება და 200 მოსწავლეს ახალი სკოლა ექნება.