კახა კალაძე: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ

არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ საქართველოში, არ გვყავს ჩვენ პოლიტპატიმრები, გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს საკითხი ელჩებთან განხილული ვერც იქნებოდა, რადგან, როგორც კალაძე ამბობს, დიპლომატებთან უკანონობაზე პასუხისმგებლობას არავინ აღებდა.

„8 მარტის შეთანხმებაში, ზოგადად, განხილულიც კი არ ყოფილა და ცხადია, ვერ იქნებოდა, რადგან ელჩების თანდასწრებით არავინ აიღებდა ამაზე პასუხისმგებლობას, რომ უკანონობა ჩაედინა. შესაბამისად, თვითონ შინაარსი მოცემული არის ამ ე.წ. მემორანდუმი დავარქვათ, თუ შეთანხმების დოკუმენტში, ყველაფერი არის ასახული, რაც საზოგადოებამ იხილა”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთანავე, ჟურნალისტის კითხვაზე – როდესაც უმრავლესობა ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე არ ყოფილა საუბარი, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივების შემდეგ რატომ თქვეს, რომ ეს ეჭვქვეშ აყენებდა 8 მარტის ხელშეკრულებას, კალაძე აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადება ამ საკითხთან არანაირ კავშირში არ არის.

„განცხადებები, რომელიც იქნა გაკეთებული აშშ-ის საელჩოს მხრიდან, არანაირ კავშირში არ არის და თქვენ შეგიძლიათ კარგად ნახოთ, როგორი შინაარსის განცხადება იყო გაკეთებული აშშ-ს საელჩოს მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და დღეს ამაზე არჩილ თალაკვაძემაც ისაუბრა, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა ამ შეხვედრებს, რომელიც ჩვენი დიპლომატების ფასილიტაციით ტარდებოდა, რომ ზოგადად საუბარი იყო ამასთან დაკავშირებით, თუმცა მაშინვე მკაფიოდ მათ მიიღეს შესაბამისი პასუხი, მიიღეს უარი, რადგან შეუძლებელი იქნებოდა ამის გაკეთება. უკანონობას არავინ არ ჩაიდენს და თვითონ შეთანხმების დოკუმენტი რაც არის, შინაარსობრივად, ეს ხომ ყველასათვის ცხადია და ცნობილია, შეუძლია ნახოს ყველამ.

ერთი რამ უნდა აღინიშნოს, ვიდრე ეს შეთანხმება შედგებოდა, გვახსოვს უგულავას განცხადება, არ მახსოვს კიდევ ვიღაცები შეუერთდნენ ამ განცხადებას, რომ მათი გათავისუფლების საგანი არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული და ამას შემდეგ გამოეხმაურა მთელი რიგი ოპოზიციონერი დეპუტატების. ეს განცხადებები არსებობს, ყველას შეუძლია, ნახოს”,- აღნიშნა კახა კალაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები