არჩილ თალაკვაძე: თუ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება მოხდება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა

პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის მოწოდებული, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

როგორც მან აღნიშნა, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება მოხდება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა.

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ერთიანი სახელისუფლებო გუნდის – მისი სამთავრობო, საპარლამენტო თუ პარტიული სტრუქტურების საქმიანობა და საჯარო კომუნიკაცია თითქმის მთლიანად დაკავშირებული იყო პანდემიასთან ბრძოლის საკითხებთან და მიმართული იყო ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად, აგრეთვე, პანდემიით გამოწვეული სოციალური პრობლემების სწრაფად და წარმატებით გადასაწყვეტად, ქვეყნის ეკონომიკის დროულად ასამუშავებლად.

ყველა წარმატება, რასაც ამ რთულ პერიოდში მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ და რასაც ერთხმად აღიარებს მთელი მსოფლიო, თანაბრად განაპირობა ჩვენი გუნდის ერთიანობამ, მისი ცალკეული სტრუქტურების, განსაკუთრებით, ჯანდაცვის სისტემის პროფესიონალიზმმა და ჩვენი ხალხის ნდობამ, ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მობილიზაციამ და საგანგებო წესების დაცვისას გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ, რისთვისაც გულწრფელ მადლობას ვუხდით მათ.

დღეს გვსურს, თქვენი ყურადღება მივაპყროთ საკითხებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად.

უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 8 მარტს პოლიტიკურმა პარტიებმა, ელჩების თანდასწრებით, პოლიტიკური შეთანხმება გავაფორმეთ. როგორც მოგეხსენებათ, ამ შეთანხმებით თითოეულმა მხარემ ავიღეთ ვალდებულება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემოგვეღო ახალი საარჩევნო სისტემა და უზრუნველგვეყო მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდება.

„ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას.

სამწუხაროდ, შეთანხმების გაფორმების დღიდან, ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით. „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები და პრორუსი სატელიტები შეთანხმებაზე მითითებით საჯაროდ ითხოვენ, მმართველმა პარტიამ სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს – პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას მისცეს დავალება, პატიმრობიდან გაათავისუფლონ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული სამი პირი, რომელთა მძიმე პოლიტიკური და კრიმინალური წარსულის შესახებ კარგად არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის.

ამგვარი სიცრუე და სპეკულაცია არის საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა და იგი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამართლის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების მიმართ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან ავლენენ. და თქვენ კარგად გახსოვთ ეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი.

„როგორც მოგეხსენებათ, ამგვარ განცხადებებს ყოველ ჯერზე საჯაროდ აკეთებდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ჩვენ ყოველ ჯერზე ვპასუხობდით მათ განცხადებებს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ შეთანხმების ხელმოწერამდე სამი დღით ადრე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან უგულავამ და რურუამ გააკეთეს ერთი და იგივე შინაარსის განცხადებები. კერძოდ, ორივე მათგანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათი გათავისუფლების საკითხს არ უნდა შეექმნა დაბრკოლება მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისთვის.

უგულავას და რურუას განცხადებებს 5, 6 და 7 მარტს მოყვა მათი თანაგუნდელების განცხადებები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს მათ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შესაძლებლობის შექმნისათვის. მეტიც, ბატონებმა – ბოკერიამ და კაპანაძემ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჯერ გაფორმდებოდა შეთანხმება საარჩევნო სისტემის შესახებ და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გათავისუფლდებოდნენ ე.წ. პოლიტპატიმრები. მეტიც, ბოკერიამ ისიც კი განაცხადა, რომ პატიმრების საკითხის მოლაპარაკების ნაწილად განხილვა მისთვის მიუღებელიც კი იყო. მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთეს დავით ბაქრაძემ, გიორგი ვაშაძემ, ნინო ბურჯანაძემ და სხვებმაც ოპოზიციიდან.

ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი, მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის მოწოდებული, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

აშკარაა, რომ ოპოზიციას აშფოთებს მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მხარდაჭერა, აშინებს მოახლოებული არჩევნები და კვლავაც რადიკალურ სცენარზე ფიქრს ამჯობინებს, რისთვისაც გარკვეული საგარეო მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს. თუმცა, ეს რადიკალური სცენარი და მისი ნებისმიერი საგარეო მხარდაჭერა კიდევ ერთი წარუმატებლობისთვის არის განწირული. ამის დასტურია ქართული საზოგადოების ადეკვატური რეაქცია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილზე, რომელმაც მმართველ პარტიას სასამართლოს საქმეებში ჩარევა ყოველგვარი მორიდების გარეშე მოთხოვა. სამწუხაროდ, ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება შეურაცხყოფს იმ მაღალ მხარდაჭერას, რომლითაც ქართული საზოგადოება დასავლური ინტეგრაციის იდეის მიმართ გამოირჩევა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები