ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებელს 11 მაისიდან უფასოდ უმასპინძლებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს წლის ბოლომდე უფასოდ უმასპინძლებს.
როგორც ზუგდიდის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება, შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიიღეს.
“მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არის ქალაქის სავიზიტო ბარათი და ჩვენ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შიდა ტურიზმის განვითარებას”, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი განახლებული ინფრასტრუქტურით, გასული წლის 29 დეკემბერს გაიხსნა. ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.