ზურაბ პოლოლიკაშვილი: საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საზღვრებს გახსნის
“ძალიან გვიხარია, რომ ასეთ მოკლე ვადებში განხორციელდა და კონკრეტულად ჩამოყალიბდა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს იმ ეტაპებს, თუ როგორ შეიძლება, პირველ ყოვლისა, გაიხსნას ადგილობრივი ტურიზმი, დაიწყოს ადგილობრივი მიმოსვლა და შემდგომ უკვე – საერთაშორისო მიმოსვლა”, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია კოორდინაცია და ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან.
„დაანონსებული იყო 15 ივლისი და, ალბათ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს შეძლო და ხსნის ტურიზმს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ ამის პოპულარიზაციას. აუცილებელია კოორდინაცია და ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის არის ევროპული ბაზრები და, ალბათ, არაბეთის ქვეყნები, მათთან უკვე დაწყებულია მუშაობა და ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ შემდეგ კვირაში უკვე დაანონსდება, თუ რა დოზით გაიხსნება ევროპული ბაზრები და არაბთა გაერთიანებული საემიროების მხრიდან უკვე არის თანხმობა, რომ ივლისის ბოლოს დუბაიდან ყველა მიმართულებით დაიწყება მიმოსვლები. ეს საქართველოს ძალიან კარგ პოზიციონირებას უქმნის, ვინაიდან იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის საზღვრებს. ადგილმდებარეობით და იმ ტურისტული ინფრასტრუქტურით, რომელიც შექმნილი იყო უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველო შეიძლება, რომ იყოს საკმაოდ კონკურენტუნარიანი ძველი და ამავე დროს ახალი ტურისტული მიმართულება. ამ მომენტის კარგად გამოყენება შესაძლებელია და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კოორდინაცია გავუწიოთ იმ მიზნობრივ ბაზრებს, რომლებიც საინტერესოა ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ეს მძიმე და კრიზისული პერიოდი ადვილად იქნას გადალახული. პირველი, რაც ჩვენ ყოველთვის გვაფიქრებს და ჩვენი ძირითადი ამოცანაა, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც ამ სექტორში არიან დასაქმებულები. საქართველოს შემთხვევაში 150 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს სექტორში, ამ ადამიანებს სჭირდებათ ხელშეწყობა და გვერდში დგომა. ანტიკრიზისული გეგმა პირველ რიგში ამას ემსახურება”, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.