საგარეო უწყება: ბოლო მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 19 607 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 10 115
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19 607 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 10 115 მოქალაქე.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღეს ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.
აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ, სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.
როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენები: 9 მაისი – ბერლინი-თბილისი და 15 მაისი – ამსტერდამი-თბილისი.
დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით ზალკალიანმა შუალედური ანგარიში წარადგინა 10 000-ზე მეტი მოქალაქის სამშობლოში ეტაპობრივ დაბრუნებასა და ადგილზე გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით.