ლევან ნიკოლეიშვილი: დედაქალაქს უნიკალური და ულამაზესი მარადმწვანე ტყე შეემატება – კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისაგან
“დედაქალაქს უნიკალური და ულამაზესი მარადმწვანე ტყე შეემატება – კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისგან”, – ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენის პროექტის პრეზენტაციას ეხმიანება.
ნიკოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ ახლაც გამოჩნდებიან მავნებლები, რომლებიც იტყვიან, ახლა ამის დრო არ იყოო. ასეთ ადამიანებს ანალიტიკოსი პასუხობს, რომ საშვილიშვილო საქმის დრო ყოველთვის არის, როდესაც ქვეყნის შენებაზეა საუბარი.
„კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისგან, რომელიც ამჯერად მთაწმინდის ფერდობის გამწვანება-გალამაზებას ეხება. ფონდი „ქართუ”, თბილისის მერიასა და ფონდ „ბუნება და გარემოსთან” ერთად, დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანებას გეგმავს, რისთვისაც 16 მილიონ ლარამდე თანხას გამოყოფს. პროექტი რამდენიმეეტაპიანია და, ჯამურად, 4 წელზეა გათვლილი. საგულისხმოა, რომ ამ მართლაც დიდებულ საქმეში ჩართული არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. ცხადია, განხორციელდება კვლევები, რასაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის გაშენება მოჰყვება, საბოლოოდ დედაქალაქს უნიკალური და ულამაზესი მარადმწვანე ტყე შეემატება.
დარწმუნებული ვარ, რომ გამოჩნდებიან არაფრისმაქნისები და მავნებლები, რომლებიც ამ პროექტს დაიწუნებენ და აუცილებლად იტყვიან – ახლა ამის დრო არ იყო ან ამხელა თანხა რაში იხარჯება და ა.შ. მათ გასაგონად კი, ასევე, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ასეთი საშვილიშვილო საქმის დრო ყოველთვის არის, როდესაც ქვეყნის შენებაზე, ბუნების გალამაზება-გამწვანებაზეა საუბარი, თუ შეგიძლიათ, ამ დროს მაინც ჩუმად იყავით”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.