“უახლოეს დღეებში წარვადგენთ კონკრეტულად გიდების დახმარების პროგრამას, რადგან ამ სეგმენტს დიდი კონტრიბუცია შეაქვს ტურისტულ ინდუსტრიაში”
„ქვეყანაში გვყავს გიდების ძალიან დიდი ჯგუფი, როლებიც მართლაც შრომობენ დაუღალავად, ისინი საკმაოდ განათლებული ადამიანები არიან და დიდი კონტრიბუცია შეაქვთ ტურისტულ ინდუსტრიაში. სამწუხაროდ, ეს ის სფეროა, რომელიც ბოლომდე არ არის აღრიცხული, სადაც ჯერ კიდევ დასარეგულირებელია ხარისხის სტანდარტები და ეს თავად მათი მოთხოვნებია. თუმცა, ამავე სფეროში არსებობენ საკმაოდ კარგად ორგანიზებული, გიდების პროფესიული ასოციაციები, ჩვენ დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით – ამ ბოლო პერიოდში, როდესაც ვამზადებდით ანტიკრიზისულ გეგმას”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიდებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რაც შეეხება გიდებს – ჩამოვყალიბდით, რომ ვიმუშავებთ რამდენიმე მიმართულებით და ეს არ იქნება მხოლოდ გადამზადება – ერთ-ერთი მთავარი იქნება ხარისხის სერტიფიცირება, რაც, ალბათ, იქნება ნებაყოფლობითი და თავად ასოციაციები გახდებიან ჩვენი თანამოაზრეები ამ საკითხში – ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვინ არის და რომელ ჯგუფს უნდა მივანიჭოთ გარკვეული პრეფერენციები და დახმარებები, ასევე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გიდებს მიეცემათ უფასოდ შესვლის უფლება მუზეუმებში, ნაკრძალებში, დაცულ ტერიტორიებში, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. ასევე, იმ პერიოდში, ვიდრე არ აღდგება ტურისტული აქტივობა ძველი მასშტაბით და ჯერ კიდევ იქნება გიდების დასაქმების პრობლემა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათთვის ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა შევქმნათ და შევთანხმდით მათთან, რომ ამისთვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნება. გიდებს, ასევე, აქტიურად ჩავრთავთ მიკროგრანტების პროგრამაში, იგივე „აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში, რომ მათ შეძლონ თავის საქმიანობასთან ახლოს მყოფი პროექტები წარადგინონ. ერთ-ერთი კომპონენტი ასევე იქნება გადამზადება”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, კონკრეტულად გიდებზე მორგებული პროგრამის დეტალები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი, რადგან აღნიშნული სეგმენტი დღემდე ნაკლებად შესწავლილი, ნაკლებად აღრიცხულია და დამატებითი დროა საჭირო მათთან სამუშაოდ.