თავდაცვის სამინისტრო: ქართველ სამხედროებს ნატო-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის უმაღლესი ხარისხის ახალი უნიფორმა და ფეხსაცმელი აქვთ
თავდაცვის ძალების 29-წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედროები „ლოვასა“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლით არიან უზრუნველყოფილი. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული, ცვეთაგამძლე უნიფორმა თავდაცვის ძალებში კიდევ ერთი სიახლეა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ახალ უნიფორმებსა და ფეხსაცმელში გამოწყობილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს და მათი შთაბეჭდილებები მოისმინეს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სადემონსტრაციო კუთხესთან ახალი უნიფორმისა და ფეხსაცმლის უპირატესობებს დეტალურად გაეცნენ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თითოეულ ჯარისკაცს უმაღლესი ხარისხის, ნატო-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის ფეხსაცმელი და უნიფორმა აცვია.
“მსოფლიო ბაზრის ლიდერი კომპანიების “ჰაიქსისა“ და „ლოვას“ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის სამხედრო ფეხსაცმელი წარმოებულია ექსკლუზიურად მხოლოდ ევროპული ნედლეულით, ინოვაციური და მაღალი ტექნოლოგიების მქონე გერმანულ საწარმოებში და აღჭურვილია მაღალი ხარისხის გორტექსის მასალით, რაც უზრუნველყოფს ფეხსაცმლის წყალგამძლეობას, ქარგაუმტარობასა და ჰაერგამტარობას. ახალი ფეხსაცმელი წარმოებულია მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოში, რომელიც, ასევე, ამარაგებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, პოლონეთის, თურქეთის, ბელგიის, ირლანდიის, დანიისა და სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს. აღსანიშნავია, რომ ფასები მნიშვნელოვნად დაბალია მათ საბაზრო ღირებულებაზე, ასევე, სხვა ქვეყნების შესყიდვებთან შედარებით, რაც გამოწვეულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ წარმატებული კომუნიკაცია-მოლაპარაკებით და, ასევე, კონტრაქტის შუამავლების გარეშე პირდაპირ მწარმოებლებთან გაფორმებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კომპანიებს ჰყავთ საქართველოში წარმომადგენლები.
მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული, ცვეთაგამძლე უნიფორმა თავდაცვის ძალებში კიდევ ერთი სიახლეა. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სრულად არის უზრუნველყოფილი განახლებული და მაღალი ხარისხის, ნატოს წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის ჯარის უნიფორმის ქსოვილის შესაბამისი სტანდარტის, კომუფლირებული უნიფორმით – პიჯაკი, შარვალი, კეპი”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისიტროში.