ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, 112-ში ზარის განხორციელებისას ზუსტად ავსახოთ ჩვენი ჩივილები
“112-ში ზარის განხორციელებისას მნიშვნელოვანია, ზუსტად ავსახოთ ჩვენი ჩივილები, აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ, თუ არის ეჭვი კოვიდინფექციაზე და თუ გვაქვს სიცხე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პაციენტების გახსნილობა მნიშვნელოვანია, რათა ჯანდაცვის სისტემამ მათი დახმარება შეძლოს.
„ინფიცირებული ადამიანის განხილვა, როგორც მისი უკვე პროფესიული ჯგუფის, არ არის სწორი, ვინაიდან „კოვიდინფექციამ“ არ იცის, თუ ვინ არის მისი მსხვერპლი და სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე, პირველ ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ეს კომპონენტი, გვქონდეს მაღალი სამედიცინო ეთიკა ამასთან დაკავშირებით და არ განვიხილოთ ეს ჯგუფები მსგავსად. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთვის, ასევე გადაუდებელი დახმარების სამსახურისა და ყველა იმ კლინიკისთვის, სადაც მოხდა პერსონალის დაინფიცირება, მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იქნეს შესწავლილი, თუ რომელ კომპონენტს ჰქონდა ამ შემთხვევაში ადგილი, რათა გავითვალისწინოთ როგორც ადამიანური ფაქტორი, ხდებოდა თუ არა მედპერსონალის მიერ ზუსტად შესრულება პროცედურების, ზუსტად იყო თუ არა დაცული პროტოკოლი, რომელიც მოწოდებული არის საქართველოს ტერიტორიაზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რომელიც ეყრდნობა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლებს, ამის მიხედვით არის საქართველოში შემუშავებული ყველა პროტოკოლი. შემდგომში, რა თქმა უნდა, გატარებულია არაერთი ღონისძიება და ტრეინინგი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს მოხმარება თითოეული პირადი დაცვის საშუალების. ჩვენ განვიხილეთ ეს დეტალები და იკვეთება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფაქტორი, როდესაც ხშირ შემთხვევაში არ ხდება მისამართზე მისვლა იმ იდენტიფიცირებით, რომელიც აუცილებელია, მოხდეს ზარის განხორციელების მომენტში და, რეალურად, ჩვენ ამ შემთხვევაში ვაყენებთ, როგორც მოქალაქეები და მე ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ როგორც მოქალაქე, მნიშვნელოვანია 112-ში ზარის განხორციელების მომენტში გავითვალისწინოთ და ზუსტად ავსახოთ ის ჩივილები, აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ, თუ არის ეჭვი, რომ ვართ კოვიდინფექციით დაავადებული და დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ გვაქვს სიცხე. ამ შემთხვევაში, ეკიპაჟი, რა თქმა უნდა, მოახდენს სრულ აღჭურვას და ის მისამართზე მივა სრულიად უსაფრთხოდ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამაზე ვისაუბრეთ და დაფიქსირდა ჩვენი ექიმების მხრიდან, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც მათთვის არ არის ცნობილი, თუ რა ტიპის პაციენტი ელოდება მისამართზე და მნიშვნელოვანია, რომ შემდგომში, როგორც სამინისტრომ, ასევე 112-მა, გავაუმჯობესოთ ეს ქმედებები და უფრო მეტად დეტალური კითხვარით გამოვკითხოთ ჩვენი პოტენციური პაციენტები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტების გახსნილობა და გამჭირვალობა, რათა ჯანდაცვის სისტემამ შეძლოს მათი დახმარება და უზრუნველყოს მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება”, – განაცხადა ტიკარაძემ.