ზაზა აბაშიძე: უპირველესად, მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას უცენზურო სიტყვების გამო
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, რომელიც მეგობრებთან “ფეისბუქმიმოწერის” გამო გააკრიტიკეს, სოციალურ ქსელში საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.
„მეგობრებო, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა მიმოწერამ ჩემს მეგობრებთან, ამიტომ, უპირველესად, მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას უცენზურო სიტყვების გამო. მაგრამ თავს ვალდებულად ვრაცხ, განვმარტო ჩემი პოზიცია:
ჩემი სიტყვები მუშევანის ამბებთან დაკავშირებით აიტაცეს ვაიპოლიტიკოსებმა, ჟურნალისტების ნაწილმა და რეზულტატიც: ვარ მკვლელი, ფაშისტი, უვიცი, გაუნათლებელი მეცნიერუშკა, აგენტი და, რაც მთავარია, ეროვნული შუღლის გამღვივებელი!
ეს ცილისწამებაა (თუმცა, ამის დამწერნი სხვას რას აკეთებენ?!).
არცერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა, არცერთ ერზე ჩემს მეგობრებთან მიმოწერაში არ არის! პირიქით, აღნიშნულია, რომ ეს ეხება ყველას-აზერბაიჯანელს, ქართველს, რუსს- საქართველოს ყველა მოქალაქეს!
ყველას, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად არღვევს საგანგებო რეჟიმს და ამით საფრთხეს უქმნის სხვას, იქცევა ვირუსის გამავრცელებლად და, პრაქტიკულად, მკვლელად! ზუსტად იმავეს დავწერდი, მსგავსი ფაქტი რომ მომხდარიყო საქართველოს ნებისმიერ კუთხესა თუ სოფელში.
აი, ჩემი კომენტარების შინაარსი მეგობრის სტატუსზე უცენზურო სიტყვების გარეშე!
რაც შეეხება აჟიოტაჟს – როგორც ჩანს, ამ ვაიპოლიტიკოსებს მართლა აღარაფერი აქვთ სათქმელი და, ქართული ანდაზისა არ იყოს, „მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლია“.
ასევე, მოვუწოდებ, ბოდიში მოიხადონ მათ, ვინც ჩემი სიტყვები ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად წარმოაჩინა“, – წერს ზაზა აბაშიძე სოციალურ ქსელში.