საგარეო უწყება: ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18 857 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 9 630 მოქალაქე
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 5 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18 857 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 9 630 მოქალაქე.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები „კოვიდ 19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.
აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ, სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.
როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
უწყების ინფორმაციით, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 5 მაისი – ათენი-თბილისი; 7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი – ბერლინი-თბილისი. ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან.