ზვიად შალამბერიძე: წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი იქნება საქართველოს აღმშენებლობის სიმბოლო პოსტსკრიზისულ პერიოდში

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გარკვეული ტიპის სამუშაოები ხორციელდება.

ამის შესახებ ზვიად შალამბერიძემ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “ბიზნესი იმედზე” განაცხადა.

“წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი იქნება საქართველოს აღმშენებლობის სიმბოლო სწორედ ამ პოსტსკრიზისულ პერიოდში და აუცილებლად მინდა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, მოვიხსენიო იმიტომ, რომ ეს არის ის ორი პროექტი იმერეთისთვის, რომელიც საუკუნის პროექტებია, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული არა მარტო წყალტუბოს, ქუთაისის და იმერეთის, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკური წინსვლა. წყალტუბო რეაბილიტაციის შემდეგ იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტი არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში იმიტომ, რომ ჩვენ ამის რესურსი ნამდვილად გვაქვს. წყალტუბოს აქვს ამისი რესურსი, რომ გახდეს ისეთივე, როგორიცაა ბადენ-ბადენი, კარლოვი-ვარი და ასე შემდეგ. ჩვენ არ შევჩერებულვართ და გარკვეული ტიპის სამუშაოებს ვახორციელებთ, ვაგეგმარებთ როგორი უნდა იყოს წყალტუბო მას შემდეგ, რაც დაიწყება სამუშაოები და დასრულდება რეაბილიტაცია და წყალტუბო აუცილებლად იქნება გამორჩეული კურორტი”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, ქუთაისიდან საირმის გავლით აბასთუმნისკენ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები