“სახელმწიფოს დახმარება ფერმერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია” – როგორ უმკლავდებიან კორონავირუსის გამოწვევას ახალციხეში

ზედგინიძეების ოჯახს 19 წელია სათბურებში კიტრი, პომიდორი, მწვანილები და ბოლოკი მოჰყავს. მათთვის საკუთარ ეზოში მოყვანილი პროდუქტი სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია. როგორც ფერმერი „რეგიონულ კვირას“ უყვება, პანდემიის პირობებში მის პროდუქციაზე მოთხოვნამ საგრძნობლად იმატა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფერმერების დიდ ნაწილს მოსავლის რეალიზაციასთან გარკვეული ტიპის პრობლემები შეექმნათ. მათ შორისაა გიორგის ოჯახიც, თუმცა ზედგინიძეებმა სახელმწიფოს მხრიდან გაწეული დახმარებებით ისარგებლეს. როგორც ფერმერი აღნიშნავს, პროექტი “აწარმოე საქართველოში” მათ მეურნეობას ძალიან დაეხმარა.
როგორ მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთში საგაზაფხულო სამუშაოები და რა დახმარებას მიიღებენ სოფლის მეურნეობით დაინტერესებული მოქალაქეები, ამის გასარკვევად “რეგიონული კვირა” სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის უფროსს გაესაუბრა. როგორც ნანა ზუბაშილი ამბობს, კორონავირუსის მიუხედავად, ადგილობრივები მიწის დამუშავებას ამ დრომდე აქტიურად აგრძელებენ. სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი გვიყვება, რომ რეგიონში ფერმერები ეპიდემიის გამო გააქტიურდნენ. სოფლის მეურნეობას და მამაპაპისეულ მიწებს ის ადამიანებიც დაუბრუნდნე, რომლებსაც აქამდე აგროსფეროსთან შეხება არ ჰქონიათ.
ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, სოფლის მეურნეობით დაინტერესებული მოქალაქეების ხელშეწყობა მთავრობის ანტიკრიზისულიი გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტია. თუ რა სიახლეა სახელმწიფო პროგრამაში და როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს სახელმწიფოს დახმარებით სარგებლობა, ამის გასარკვევად „რეგიონული კვირა“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს გაესაუბრა. სოლომონ პავლიაშვილის თქმით, სახელმწიფო დამწყებ ფერმერებს ხელს შეძლებისდაგვარად შეუწყობს და მათი მოსავლის რეალიზაციაშიც დაეხმარება.
იმისათვის, რომ მთავრობის დახმარებით ისარგებლოთ, რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო. პირველ რიგში აუცილებელია, მოქალაქეს მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული ჰქონდეს 2018 წლის 26 მაისამდე, აღებული ჰქონდეს იჯარით ან მინდობილობით. თუ პირი ამ კრიტერიუმებიდან რომელიმეს აკმაყოფილებს, დამატებითი ნაბიჯების გავლის შემდეგ შეძლებს სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები