ლაგოდეხის ე.წ ცხელების ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით შუახნის მამაკაცი მოათავსეს

ლაგოდეხის ე.წ ცხელების ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით შუახნის მამაკაცი მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, პაციენტი რუსთავში , კოვიდ – 19 – ით დაინფიცირებული ახალგაზრდის მამაა.

“ცხელების ცენტრში ” გადაყვანილი პირი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო გურგენიანის მკვიდრია. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი, ნუნუ ნოზაძე აცხადებს, რუსთავში ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი სოფელში მარტის ბოლოს იმყოფებოდა, მამა კი სოფელში ახლახანს დაბრუნდა.

ნოზაძის თქმით, ამ დროისთვის, სოფელ ქვემო გურგენიანში კოვიდ-19-ით ინფიცირებული ახალგაზრდის ოჯახის 15-მდე კონტაქტია მოძიებული, რომლებიც თვითიზოლაციში გადავიდნენ. ე.წ ცხელების ცენტრში მოთავსებული მამაკაცის ანალიზის პასუხი კოვიდ – 19- ზე ხვალ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ,რომ კახეთში დღეს, კორონავირუსის პირველი ფაქტი  ყვარლის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ინფიცირებული 50 წლამდე ქალია და ის სასწრაფო დახმარების და კლინიკა “ევექსის” ექიმია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები