პროკურატურა წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულისთვის, 17 წლით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს 

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც „კვირას“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დ.რ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 9 აგვისტოს, ღამის საათებში თბილისში, არასრულწლოვან ძმებს – ე.ჩ.-ს და დ.ჩ.-ს დ.რ.-სთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ. აღნიშნულით განაწყენებულმა დ.რ.-მ საცხოვრებელი სახლიდან წაღებული ორლულიანი სანადირო თოფიდან, მოკვლის განზრახვით, დამიზნებით, ჯერ დ.ჩ.-ს ესროლა, რომელსაც კისრის არეში მიაყენა დაზიანება, ხოლო შემდეგ ე.ჩ.-ს, რომელმაც სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა თავის არეში მიიღო. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად ე.ჩ.-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა. სამართალდამცველებმა დ.რ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვანი პირის მიმართ) წარედგინა. დ.რ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.რ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები