„ცეკვის უძველესი ვიზუალური წყაროები“ – გამოცემის ელექტრონული ვერსია
საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ ფონდის დაფინანსებით/თანადაფინანსებით განხორციელებული გამოცემების ელექტრონული ვერსიების გაზიარებას აგრძელებს. გამოცემათა ელექტრონული ვერსიები პერიოდულად განთავსდება ფონდის განახლებულ ვებგვერდზე.
ამჯერად ფონდი უახლეს ორენოვან გამოცემაზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც გალობის უნივერსიტეტთან ერთად განხორციელდა. ეს არის ალეკო გელაშვილის წიგნი „ცეკვის უძველესი ვიზუალური წყაროები“ (საქართველოს არქეო-ქორეოგრაფია).
წიგნში განხილულია საქართველოს ვრცელი პერიოდის – ძვ. წ. VI–IV ათასწლეულებიდან დაწყებული, ახ. წ. II საუკუნით დამთავრებული – არქეოლოგიური მასალა. ნაშრომში ეტაპობრივად წარმოდგენილია არტეფაქტებზე მოცემული გამოსახულებები, რომლებიც, სხვა მნიშვნელობასთან ერთად, ქორეოგრაფიული ინფორმაციის შემცველია: აქ მოცემულია ცალკეული საცეკვაო პოზა-მდგომარეობები, ყურადღება გამახვილებულია კოლექტიურად შესრულებული ცეკვის სამწყობრო განლაგებაზე, არის წყვილში შესრულებული ცეკვა…
წიგნი განკუთვნილია ქართული ქორეოგრაფიის ისტორიის შემსწავლელთათვის, მოცეკვავეების, ქორეოგრაფებისა და ქორეოლოგების, ხელოვნებათმცოდნეებისა და ფოლკლორისტების, ქორეოგრაფიული ხელოვნებით დაინტერესებულ და შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებულ პირთათვის.
სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ფონდ „ქართული გალობის“ ვებგვერდზე: https://chanting.ge/