ატენის, ფლევის, ტვიშისა და სორის თემების მოსახლეობისა და კოოპერატივებისათვის FAO აგრარული მიმართულებით საგრანტო კონკურსს იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, ატენისა და ფლევის (შიდა ქართლი), ტვიშისა და სორის (რაჭა-ლეჩხუმი) თემებში მცხოვრებ ფერმერებსა და რეგისტრირებულ კოოპერატივებს მცირე საგრანტო ინვესტიციებს სთავაზობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საგრანტო კონკურსი სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ინფრასტრუქტურული ინიციატივების დაფინანსებას ითვალისწინებს. მათივე ცნობით, თითოეული გრანტის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. გრანტი აფინანსებს საინვესტიციო ბიუჯეტის 75%-ს; დარჩენილი 25% ბენეფიციარის მხრიდან უნდა დაიფაროს, ფულადი ან შრომითი კონტრიბუციის სახით.
“აღნიშნული საგრანტო კონკურსი ავსტრიის მთავრობის მიერ დაფინანსებული და FAO-ს მიერ განხორციელებული „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის“ ერთ-ერთი მიმართულებაა. პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების, სურსათის წარმოების გაზრდისა და სოფლად სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის შემცირების ხელშეწყობას. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილ თემებში ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბებას, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას, ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლების გადამზადებასა და ადგილობრივთათვის გარემოსადმი მეგობრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების გაცნობას, რაც მდგრადი ეკოსისტემების ჩამოყალიბებასა და გარემოზე მინიმალური ზიანის მიყენებას ითვალისწინებს.
კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა შესაძლებელია 30 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს – შიდა ქართლის რეგიონული სამსახური, ლევან მუმლაძე, 577 080 500 და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახური, ანა კანთელაძე, 595 054 888.
საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ნომერზე: 595 093 749”,-აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები