ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღებას ახალი სექციისთვის – COVIDEO
ფესტივალის მენეჯერების თქმით, კორონავირუსის გამო გამოწვეულმა იზოლაციამ ცვლილებები შეიტანა ყოფიერებაში და მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი გეგმები, თუმცა ყოველივე ამას ნათელი მხარეც აქვს – ეს პერიოდი შესაძლოა, საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდეს მხატვრული ინსპირაციისთვის.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღება უკვე დაიწყო.
მოთხოვნები:
- ფილმის თემატიკა – იზოლაციის პირობებში დანახული სამყარო, რაც სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს გადმოცემული – კინოესეები ადაპტაციის ფორმებზე და გზებზე არსებულ რეალობაში, „ეპისტოლარული კინოს“ მეთოდების ძიება (ვიზუალური რებუსები), სხვადასხვა გარემოში გადაღებული უცნაური რეპორტაჟები;
- ფილმის გადაღების პერიოდი – სასურველია 2020 წლის მარტი – ივნისი;
- ქრონომეტრაჟი – 1 წთ.-იდან 5 წუთამდე;
- ფორმატი – HD ხარისხი.
ფესტივალის მენეჯმენტის მიერ შერჩეული 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარმოდგენილი იქნება BIAFF 2020-ის სპეციალურ საკონკურსო სექციაში -„COVIDEO“. ფილმები კინოფესტივალის მსვლელობისას ნაჩვენები იქნება დიდ ეკრანზე. მათ შეაფასებს როგორც როგორც ჟიური, ასევე აუდიტორია.
საკონკურსო სექცია „COVIDEO“-ს ნომინაციები:
ჟიურის პრიზის მფლობელს გამოავლენს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემენტრაჟიანი ფილმების ჟიური შემდეგ ნომინაციაში:
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი
- საუკეთესო ორიგინალური იდეა/სცენარი
აუდიტორიის/მაყურებლის პრიზის მფლობელი გამოვლინდება ხმის მიცემის საშუალებით. ამისათვის ფილმები განთავსდება ბათუმის კინოფესტივალის youtube/Facebook არხებზე და მაყურებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ე.წ. „ლაიქის“ მეშვეობით ხმა მისცეს სასურველ ფილმს.
გამარჯვებული ფილმების ავტორები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
- კინოფესტივალის აკრედიტაცია (ნებისმიერ ფილმზე ან მასტერკლასზე დასწრების უფლებით);
- ტრანსპორტირება ბათუმში და ადგილზე 5 ღამით განთავსება (იგულისხმება საქართველოში შიდა ტრანსპორტირება);
- კინოფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიაზე დასწრება;
ფილმების წარდგენისთვის უნდა შეივსოს აპლიკაციის ფორმა – https://bit.ly/2W06O3C
საკონტატო ინფორმაცია – submission@biaff.org
განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა – 2020 წლის პირველი აგვისტო.
ბათუმის საავტორო კინოს XV საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება დაგეგმილია 2020 წლის 13-20 სექტემბერს. ეროვნული კინოცენტრი ტრადიციულად ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია.