მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული 43 ადამიანიდან მძიმე პაციენტების სიაში მხოლოდ 5 გვყავს, თუმცა დინამიკაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი მკურნალობს.
ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.
“დღეისთვის 24 საათში 15 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან, ძირითადად, ყველა ცნობილი წყაროდანაა: მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო და მხოლოდ ორი პაციენტის წყარო, ჯერჯერობით, დაუდგენელია და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. გამოჯანმრთელებულია სულ 156 ადამიანი. თუ ამ მონაცემებს შევაჯამებთ, კოვიდის მიმღებ ცენტრებში დღეს, დილის მონაცემებით, 349 პაციენტი მკურნალობს.
ამ 15-დან ჩვენთან არცერთი პაციენტი შემოუყვანიათ. ჩვენთან მოსულ პაციენტებს ჩვენ თვითონ ვუტარებთ კვლევას და დადასტურებული შემთხვევები წვება ჩვენს კლინიკაში, ძირითადად, ჩვენი პაციენტები არიან. რეგიონებიდან ჩვენთან პაციენტების შემოყვანა თითქმის არ ხდება. გუშინ მე მივიღე ერთი ექთანი, დანარჩენი შემთხვევა ჩემთვის უცნობია იმიტომ, რომ არცერთი პაციენტი მიმიღია. ჩვენთან გუშინ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა.
ამჟამად, კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი გვყავს. აქედან მძიმე პაციენტების სიაში მხოლოდ 5 გვყავს, როგორც მძიმე პნევმონია, დინამიკაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა განიხილება, როგორც საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. 11 მოზარდის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, მაგრამ, ჯერჯერობით, დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მათთან ადრეა გამოჯანმრთელების ტესტირების ჩატარება. ალბათ, რამდენიმე დღეში ამასაც დავიწყებთ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.