სულხან ნასიძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტის სრული ჩანაწერი
30 აპრილს, 19:00 საათზე, „საქართველოს სინფონიეტას“ YouTube არხზე წარმოდგენილი იქნება 2017 წელს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამართული, სულხან ნასიძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტის სრული ჩანაწერი.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა მუქერიამ აცნობა, ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, სულხან ნასიძემ, შემოქმედებითად დატვირთული, ნაყოფიერი ცხოვრების გზა განვლო და მომავალ თაობებს ჟანრულად მრავალფეროვანი საკომპოზიტორო მემკვიდრეობა დაუტოვა. მისი შემოქმედება პროფესიული მუსიკის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს.
იგი ავტორია სიმფონიების, ბალეტების, კონცერტების სხვადასხვა ინსტრუმენტისათვის, მრავალი საფორტეპიანო, სავიოლინო, კამერული, ვოკალური თუ საგუნდო ნაწარმოებებისა. მან შექმნა მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და კინოფილმებისთვის („აპრილი“, „შევარდენი”, „მთვარის მოტაცება“, „საჰაერო ხიდი“, „დაბრუნება“, „საქმე გადაეცემა სასამართლოს“).
2017 წლის 31 ოქტომბრის საღამოზე წარმოდგენილი იყო კომპოზიტორის კამერული ნაწარმოებები და შესრულდა: კამერული სიმფონია (1969), კონცერტი ჰობოისა და კამერული ორკესტრისათვის (1984), სიმებიანი კვარტეტი N 3, „ეპიტაფია” (1980), კონცერტი ვიოლინოს, ჩელოსა და კამერული ორკესტრისათვის (1982)
კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“, ლიზა ბათიაშვილი (ვიოლინო), ფრანსუა ლელუ (ჰობოი), მაქსიმილიან ჰორნუნგი (ჩელო), თამაზ ბათიაშვილი (ვიოლინო), ნოდარ ჟვანია (ალტი), ოთარ ჩუბინიშვილი (ჩელო).
კონცერტი გადაღებულია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, პირველი არხის მიერ.
3 მაისს, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ YouTube არხზე წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი – „საქართველოს სინფონიეტა 10“, რომელიც რეჟისორმა ნინო ახვლედიანმა 2018 წელს, ორკესტრის 10 წლის საიუბილეო წლის აღსანიშნავად, გადაიღო და ფილმი კამერული ორკესტრის ისტორიას ასახავს.
„საქართველოს სინფონიეტა“ კონცერტების ჩანაწერების ჩვენებას 29 მარტიდან რეგულარულად ახორციელებს და ორკესტრის ხელმძღვანელობა კიდევ არაერთი უნიკალური ჩანაწერის ჩვენებას გვპირდება ახლო მომავალში.
გამოიწერეთ „საქართველოს სინფონიეტას“ არხი და უყურეთ კონცერტებს ბმულზე:
https://www.youtube.com/c/georgiansinfonietta