“საქართველოში, დაახლოებით, 80 აგრარული ბაზარია, თუმცა უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და, შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან ყველა მათგანი იფუნქციონირებს”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ამჟამად საქართველოში დაახლოებით 80 აგრარული ბაზარია, თუმცა უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და, შესაბამისად, ჩვენ არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან ყველა მათგანი იფუნქციონირებს.

„ჩვენ არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია ან მიჩვეულნი ვართ, რომ მუშაობდა.

შესაბამისად, ყველა ის აგრარული ბაზარი, რომელიც საჭიროებს მუშაობას, მნიშვნელოვანია, რომ აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, რომელიც გაწერილია ამ გაიდლაინებში. ეს ეხება როგორც მოკვლევადობას მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე – პროდუქციის შესვლისა და გასვლის სანიტარულ ზედამხედველობს, სადეზინფექციო სამუშაოების სწრორად ჩატარებას, თერმოსკრინინგს, პირბადეების აუცილებლად ტარებასა და სხვა იმ მოთხოვნებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არის გაწერილი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილის თქმით, არსებობს წინაპირობები, რომლებიც თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა უნდა დააკმაყოფილოს.

„ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის უკეთესად გასაკონტროლებლად საჭირო იყო, ეს შეზღუდვები რამდენიმე დღეს ყოფილიყო ძალაში. ამავე დროს, ჩვენ ვთქვით, რომ ეტაპობრივად შეგვეძლო, მეტი აგრარული ბაზრის ფუნქციონირებისთვის შეგვეწყო ხელი. აქ ყველასთვის ერთი მომენტია გასათვალისწინებელი – ჩვენ განვაცხადეთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მედიკოსებთან ერთად მჭიდრო კომუნიკაციით შეიმუშავა ძალიან დეტალური გაიდლაინები, რომლებიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვას, მეორე მხრივ – ინფექციის გავრცელების რისკის შემცირებას.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობები, რომლებიც დეტალურად იყო ამ გაიდლაინებში გაწერილი. ეს არის პირობები, რომლებიც თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა, იქნება ეს საბითუმო, თუ საცალო, უნდა დააკმაყოფილოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილის თქმით, ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია მობილობა, რათა მათ წარმოებული აგროსასურსათო პროდუქციის რეალიზება შეფერხებების გარეშე შეძლონ.

„დღეს, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაშვებულია მობილობა მსხვილ ქალაქებში ქალაქებს შიგნით და, ასევე, რეგიონულ ცენტრებს შორის გადაადგილება. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი იყო მობილობა, რათა მათ მოახდინონ წარმოებული აგროსასურსათო პროდუქციის რეალიზება შეფერხებების გარეშე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები