გიორგი გახარია: კატეგორიულად მიუღებელია, საქართველოში მძიმე დანაშაულებებისთვის გასამართლებული ადამიანი უკრაინის ვიცეპრემიერად დაინიშნოს
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცეპრემიერად დაინიშნება, საქართველო, როგორც მინიმუმ, ქვეყნის ელჩს გაიწვევს.
ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია უკრაინის ვიცეპრემიერად იმ პირის დანიშვნა, რომელიც საქართველოში მძიმე დანაშაულებებისთვის არის გასამართლებული, სასჯელი აქვს მისჯილი და ძებნილია.
“უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი, უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწროპოლიტიკური კონიუკტურა. თუმცა, სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცეპრემიერად დანიშვნა – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ისევე მიუღებელია, ჩემთვის პირადად, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის უკრაინის რომელიმე რესტორანში თმებით თრევა და იქედან გამოყვანა”, – აღნიშნა გახარიამ.
საქართველოს პრემიერის თქმით, სააკაშვილის დანიშვნას საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.
“ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გავიწვევთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.