პრემიერი: 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს – 25 ლარით

“2021 წლიდან, გარანტირებულად, ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს – 25 ლარით”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ის მინიმუმი, რაც თითოეულ პენსიონერს ინფლაციის რისკებს უზღვევს.

“ისეთი გამოწვევები, როგორიცაა გლობალური პანდემია, შეუძლებელია, გადალახული იყოს 1-2 თვეში, ერთ წელიწადში, ან ორ წელიწადში, ამ გლობალური პანდემიის შედეგებს მოგვიწევს, გავუმკლავდეთ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ თვალსაზრისით დღესვე გვეზრუნა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვეფიქრა და შეგვეთანხმებინა მათთან ჩვენს ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, ჩვენს პენსიონერებზე ზრუნვის გარკვეული მექანიზმები, რომლებიც იქნება გამყარებული საკანონმდებლო დონეზე.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთან ერთად, 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული რაოდენობის ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80%-ით მიიღებენ პენსიების ზრდის შესაძლებლობას, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს 25 ლარით. ეს არის ის მინიმუმი, რაც თითოეულ ჩვენს პენსიონერს უზღვევს ინფლაციის რისკებს. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ჩვენ პენსიონერების საკმაოდ დიდი ჯგუფი გვყავს და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სოციალური მდგრადობის თვალსაზრისით. ამ შეღავათებით ისარგებლებს საქართველოს 410 000 პენსიონერი“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები