დღეს ქუვეითიდან, ხოლო უახლოეს დღეებში ვენიდან და პრაღიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოემგზავრებიან
დღეს, 24 აპრილს ქუვეითიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ფრენას ავიაკომპანია Jazeera Airways-ი განახორციელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეების შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ აღნიშნული რეისით ისარგებლებენ ქუვეითში მყოფი საქართველოს მოქალაქეები და ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან.
ფრენა განხორციელდება თბილისის დროით 11:00-ზე ქუვეითი-ბაქო-თბილისის მიმართულებით.
აღნიშნული რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 11 მოქალაქე, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი. ამასთანავე, მიმდინარე წლის 27 აპრილს ვენა-თბილისის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად რეისს ავიაკომპანია Myway შეასრულებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება მიღწეული იქნა საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია Myway გეგმიურ-ტექნიკურ გადაფრენას ახორციელებდა პრაღაში. კომპანიამ გამოთქვა კეთილი ნება, მონაწილეობა მიიღოს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით კომპანია პრაღიდან უკანა ფრენას განახორციელებს ქ.ვენის გავლით და სამშობლოში დააბრუნებს ავსტრიაში მყოფ და, ასევე, ვენაში ტრანზიტულად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.
ბილეთების რეალიზაცია რეისამდე ორი დღით ადრე ავიაკომპანია Myway ვებგვერდზე დაიწყება.
როგორც ცნობილია, უშუალოდ პრაღაში მ.წ. 2 მაისს შესრულდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისი კომპანია Georgian Airways-ის მიერ, რომელიც სამშობლოში ჩამოიყვანს პრაღაში მყოფ თანამემამულეებს.
საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ. რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველები.
ცნობისათვის, 2020 წლის 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 13,753 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7,600 მოქალაქე.