ვინ იქნებიან ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარდგენილი საქართველოს კანდიდატები?
23 აპრილს, პირობითად 12:00 საათზე, წიგნის და საავტორო უფლებების დღეს, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „პირველამდე ნინო აზარაშვილთან ერთად“, ორი სიახლის შესახებ ისაუბრებს:
ა) დაასახელებს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარდგენილ საქართველოს კანდიდატებს
ბ) დაასახელებს სათაურს ლიტერატურულ კონკურს – „წიგნიერის“ ესესთვის
ინფორმაცია ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე: საბავშვო მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო (Astrid Lindgren Memorial Award, ALMA) მსოფლიოში ყველაზე დიდი პრემიაა ბავშვთა ლიტერატურის სფეროში. 5 მილიონი შვედური კრონა ყოველწლიურად ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს გადაეცემა. ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოდან ყოველწლიურად ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე ორ კანდიდატს წარადგენს. ნომინირებულნი შეიძლება იყვნენ ავტორები, ილუსტრატორები, ზეპირი მთხრობელები და ბავშვთა კითხვის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კერძო პირები თუ ორგანიზაცები.
ინფორმაცია „წიგნიერის“ შესახებ: ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი „წიგნიერი“ წელს მეექვსედ ტარდება. კონკურსი ელექტრონული წიგნების სახლ “საბასა” და თიბისი ბანკის მხარდაჭერით იმართება. მონაწილეებს სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით კონკურსის დღეს ესეს დაწერა ევალებათ. ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კონკურსი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო ცვლის ფორმატს.
„წიგნიერი“ 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს ონლაინრეჟიმში ჩატარდება. კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა, მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ IX, X და XI კლასის ნებისმიერ მოსწავლეს, ვინც სარეგისტრაციო ბლანკს შეავსებს.
პირდაპირი ეთერის ნახვა შესაძლებელი იქნება შემდეგ გვერდებზე:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე/World Book Day in Georgia
წიგნიერი
TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი