რესტორანი, რომელიც ბათუმის საკარანტინე სივრცეებს პროდუქტით ამარაგებს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ბათუმში საკარანტინე სივრცეს, სადაც მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა, პროდუქტით რესტორანი ,,ძველი გემი“ ამარაგებდა.  ფაქტთან დაკავშირებით რესტორნის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც “რეგიონული კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“ჩვენ, დაახლოებით, 40 დღეა, მომსახურებას ვუწევთ საკარანტინოდ გამოყოფილ 5 სასტუმროს. შემთხვევის დღეს ჩვენ აღნიშნულ სასტუმროს 178 პერსონაზე გაანგარიშებული საჭმელი მივაწოდეთ. მეორე დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 3 პირი მოწამვლის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ჩვენს ობიექტზე კონტროლი განახორციელეს ჯანდაცვის სამინსიტროს წარმომადგენლებმა. კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ ჩვენი ობიექტი სისუფთავის, ჰიგიენის, სურსათის უვნებლობისა და წარმოების მხრივ სრულად აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნებს. მოხდა ჩვენ მიერ გამოყენებული ქათმისა და ხორცპროდუქტების ნიმუშების აღება. ნიმუშებთან ერთად, ჩვენ პროდუქციის შეძენის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტაციაც წარვადგინეთ. ჩვენი რესტორანი “ახალი გემი” ყოველთვის დიდი ყურადღებით ასრულებს ყველა მოთხოვნას. ველოდებით გამოკვლევის შედეგებს, რომელიც, ასევე, დაადასტურებს ჩვენს უდანაშაულობას, რის შემდეგაც ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართავთ სამართლებრივ გზებს”, – აღნიშნულია რესტორნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში 45 პირი მოიწამლა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვინაიდან აღნიშნულ პირებს საკარანტინე ვადაც ამოეწურათ, შესაბამისი კვლევის შემდეგ სახლში გაეწერნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები