საგარეო საქმეთა სამინისტრო: 21 აპრილის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 10 058 მოქალაქეს, 7 068 კი სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 აპრილის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 10 058 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში 7 068 ადამიანი დაბრუნდა.

მათივე ცნობით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ.

“2020 წლის 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 10 058 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7 068 მოქალაქე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID 19 გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა. როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები