“საქართველოს საელჩოებმა დიდ ბრიტანეთში, რუმინეთსა და ბელგიაში საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყვეს”

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საელჩოებმა დიდ ბრიტანეთში, რუმინეთსა და ბელგიაში საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყვეს.

უწყების ცნობით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ.

“დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ.ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით 228 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში “ჯორჯიან ეარვეისისა” და სხვა ალტერნატიული რეისების საშუალებით. ასევე, უახლოეს დღეებში კიდევ 9 ადამიანი დაბრუნდება საქართველოში. საყურადღებოა, რომ საელჩომ საცხოვრებლითა და საკვები ვაუჩერებით უზრუნველყო შესაბამისი კატეგორიის მქონე საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი თანამშრომლობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ ბრიტანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაიმართა ონლაინ კონსულტაცია ვირუსის გავრცელების და მისი შემდგომი პრევენციის საკითხებზე. ბელგიასა და რუმინეთში საქართველოს საელჩოებმა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე შექმნილი ვითარების გამო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, პირველადი საჭიროების ნივთებითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყვეს. ასევე, ბელგიაში საქართველოს საელჩომ რამდენიმე ათეული ადამიანი უზრუნველყო თავშესაფრით, ხოლო რამოდენიმე მოქალაქისთვის, რომელსაც გადადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, მატარებლით უსასყიდლოდ მგზავრობა უზრუნველყო.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარებას, ვინც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უახლოეს პერიოდში გეგმავს საქართველოში გამომგზავრებას. მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ეფექტური ორგანიზების მიზნით, საქართველოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდზე. აღნიშნული განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. 2020 წლის 20 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 9058 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 6747 მოქალაქე”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები