საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: 20 აპრილის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 9058 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 6747

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 აპრილის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 9058 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში 6747 ადამიანი დაბრუნდა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ.

“2020 წლის 20 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 9058 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 6747 მოქალაქე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID 19 გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა. როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები