ბოლნისში ლუგარის ლაბორატორიის ეპიდემიოლოგების დამატებით სამი ჯგუფი ჩავიდა

ბოლნისის ეპიდემიოლოგებს სამი დამატებითი ჯგუფი ლუგარის ლაბორატორიიდან დაემატა, – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. სახელმწიფო რწმუნებულმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ეკლესიის მრევლს, რადგან მათ სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ ქვემო ქართლის მოსახლეობასა და სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მრევლსაც, ეკლესიის მსახურებსაც იმ დამოკიდებულებისა და პოზიციისთვის, რაც მათ ამ დღეებში აჩვენეს. აღდგომის წირვის დროს, პრაქტიკულად, ძალიან შეზღუდულად იყო ეკლესიებში მრევლი. სწორედ ასეთი თვითშეგნებით, ჩვენ გავიმარჯვებთ და მალე დავამარცხებთ ამ გამოწვევას. ასევე, დღეს მიცვალებულთა დღეა. ამ დღეს სასაფლაოებზე ძალიან ბევრი ხალხია ხოლმე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთლიანად მხარეში, პრაქტიკულად, იდეალური წესრიგია და ხალხი არ არის”, – აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში კორონავირუსის ახალ დადასტურებულ შემთხვევებზეც ისაუბრა.
“გუშინ გვქონდა 4 დადასტურებული შემთხვევა ბოლნისში სამედიცინო კლასტერიდან. ოჯახებიდან, საიდანაც ინფექცია დადასტურებული იყო და გაგრძელდა ოჯახის ერთ წევრთან და ექთანთან. ასევე, სავანეთის კლასტერიდან ორ პიროვნებასთან, რომლებიც იყვნენ კარანტინში. როგორც ერთ ასევე მეორე შემთხვევაში წინასწარ იყო პრევენციული ზომები მიღებული და კონტაქტები მათ არ ჰქონდათ. რაც შეეხება ბოლნისის გამოწვევასა და იმ მდგომარეობას, რაც ბოლო პერიოდში დინამიკიდან გამომდინარე ხდება – მე მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს. ბოლნისის ეპიდემიოლოგების ჯგუფს დაემატა სამი დამატებითი ჯგუფი ლუგარის ლაბორატორიიდან. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს – გარდაბნიდან და რუსთავიდან იყო გადაგზავნილი საკვლევი მასალები და ყველა მათგანი უარყოფითია”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, ქვემო ქართლის რეგიონში, ამ დროისთვის, კორონავირუსით, ჯამურად, 56 ადამიანია დაინფიცირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები