საკუთარი სახლიდან უმისამართოდ გასროლილ ტყვიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – ფაქტზე დაკავებულია პოლიციელი

19 აპრილს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა.

„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.ა.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადმოეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. საქმეზე განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ჩატარდა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი. ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი. საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ს.გ. ბრალდებულის სახით დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

19 აპრილს ბრმა ტყვიას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. მეზობლების გადმოცემით, ქალი კორპუსის მე-8 სართულზე საკუთარ ბინაში იმყოფებოდა, როდესაც გასროლის ხმა გაისმა და ტყვია მოულოდნელად მის ფანჯარაში შევარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები