ცუცქირიძე: უკვე ვდგავართ წარმატებული სახელმწიფოს კარიბჭესთან, პოსტკრიზისულ პერიოდსაც წარმატებულად გადავლახავთ და უფრო გაძლიერებულიც გამოვალთ
“ჩვენ უკვე ვდგავართ წარმატებული სახელმწიფოს კარიბჭესთან, პოსტკრიზისულ პერიოდსაც წარმატებულად გადავლახავთ და უფრო გაძლიერებულიც გამოვალთ!”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე აცხადებს.
მისი თქმით, უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარებაც ამის დასტურია.
როგორც ცუცქირიძე აცხადებს, წარუმატებელ მთავრობასა და არაორგანიზებულ, არასოლიდარულ საზოგადოებას ასე არ გულშემატკივრობენ, არც ასე ფართოდ ეხმარებიან.
მიმაჩნია, რომ ანტიკრიზისული მენეჯმენტი არ არსებობს საერთო შეთანხმების გარეშე, რომლის ერთ მხარეს არის მთავრობა, ხოლო მეორე მხარეს ხალხი. ნებისმიერი ინსტიტუცია, მათ შორის რელიგიური კონფესიებიც, საბოლოოდ, მაინც ხალხზე დგას. კრიზისისას ვლინდება, რამდენად არის საზოგადოება მზად საერთო მიზნის მისაღწევად და, რაც მთავარია, რამდენად სჯერა მას, პირველ ყოვლისა, მთავრობის, როგორც საერო ხელისუფლების, რომელიც არის პასუხისმგებელი პრაქტიკულად ამ კრიზისმენეჯმენტზე.
ამ შემთხვევაში, მთავრობა წარმოადგენს ხელისუფლებას რომელიც ხალხმა აირჩია. იგი ჰგავს იმ გემის კაპიტანსაც, რომელსაც მიყვებიან შორეულ ნაოსნობაში იმიტომ, რომ მათ სწამთ მისი გამოცდილების და გადაწყვეტილებებისა კრიტიკულ სიტუაციებში. ჩვენ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ამგვარი ერთობა ხშირად არ გვქონია, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. ალბათ იმიტომაც, რომ ისტორიის ავბედით პერიოდებში დამოუკიდებლობა და შესაბამისად, სახელმწიფოებრიობა გვქონდა დაკარგული. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი როგორ გავივლიდით ამ კრიზისულ პერიოდს, მას უნდა ეჩვენებინა დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე ვართ თუ არა შემდგარი სოლიდარული და პასუხისმგებლიანი საზოგადოება.
დღეს თამამად უნდა ითქვას, რომ მიუხედავად, გარკვეული შიშისა თუ მოლოდინებისა, ცალკეული მედიასაშუალებების თუ პოლიტიკოსთა მხრიდან ისტერიული ფონისა და აპოკალიფსური სცენარების დახატვისა, ეკლესიის და სახელმწიფოს დაპირისპირების მცდელობებისა, დამტკიცდა კიდევ ერთხელ – ჩვენ ვართ სახელმწიფოებრივი აზროვნების მატარებელი ხალხი. და თუ ისტორიასაც თვალს გადავალებთ, ყველა თანამედროვე ერმა ამგვარი გამოცდა გაირა.
ჩვენ უკვე ვდგავართ წარმატებული სახელმწიფოს კარიბჭესთან. პოსკრიზისულ პერიოდსაც წარმატებულად გადავლახავთ და უფრო გაძლიერებულიც გამოვალთ!
ეს უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარებაც ამის დასტურია,
– წარუმატებელ მთავრობასა და არაორგანიზებულ, არასოლიდარულ საზოგადოებას ასე არ გულშემატკივრობენ და ასე ფართოდაც არ ეხმარებიან!
დარჩი სახლში, ჩვენ ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ!“, – წერს ცუცქირიძე „ფეისბუქში“.