31 წელი წიბლანას ტრაგედიიდან – მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
31 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელ წაბლანაში ტრაგიკულმა მოვლენამ 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
“19 აპრილი ჩვენთვის ერთ-ერთი მძიმედ გასახსენებელი და ტკივილიანი დღეა. ვუსამძიმრებ ჩვენს მუნიციპალიტეტს და გარდაცვლილთა ახლობლებს ამ უდიდეს ტრაგედიას. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას”, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.
ცნობისთვის, 1989 წლის 19 აპრილს სოფელ წაბლანაში, ჩანჩურიხევის უბანში, მეწყერი ჩამოწვა – სოლგომანის მთა ჩამოიშალა და 17 ოჯახი სახლებიანად მიწაში ჩაიმარხა. 20 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის ოთხი ქალი, მათგან ერთ-ერთი ფეხმძიმედ იყო. ჩამოშლილმა მთის მასამ მდინარე სხალთისწყალი ჩაკეტა, რის გამოც სანაპირო ზოლში მდებარე ათეულობით სახლს საფრთხე შეექმნა. რაიონულ ცენტრს ამ ხეობის ზოგიერთი სოფელი რამდენიმე დღით მოწყვეტილი იყო. გეოლოგები და მაშველები ადგილზე 46 დღის განმავლობაში მუშაობდნენ. მძიმე ტექნიკის დახმარებით მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს, გაკეთდა შემოვლითი გზაც. კიდევ ერთი დაღუპული მაშველებმა სწორედ 46 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.