სიმონ პეტრიდისი: უმოკლეს ვადაში უნდა მომზადდეს პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს კრიზისულ სიტუაციებში შშმ პირთათვის ადეკვატური სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსწორებას
საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისმა “ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების ქსელის” სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, დისტანციურად გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ვირუსით გამოწვეული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, შშმ პირთა მხარდამჭერი სერვისების განვითარების პერსპექტივები და სამომავლო ინიციატივები განიხილეს.
როგორც შეხვედრისას სიმონ პეტრიდისმა აღნიშნა, უმოკლეს ვადაში უნდა მომზადდეს პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს კრიზისულ სიტუაციებში შშმ პირთათვის ადეკვატური სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსწორებას.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას გააღრმავებენ.