„იქნებ ჩვენ გამოვიწვიეთ დედამიწის ეს ტკივილი“

მამა პეტრე კოლხი კორონავირუსის გამო შექმნილ რეალობაზე ფეისბუქის გვერდზე წერს.
„მორწმუნენო, ურწმუნონო, კეთილებო, უხეშებო, მოსიყვარულებო, კრიტიკოსებო, ფანატიკოსებო, ჯანსაღებო, ლიბერალებო, თეისტებო, ათეისტებო, მაგრამ უპირველესად ადამიანებო, ეს განსაცდელი ყველას თანაბრად გვეხება. არავინ ვართ დაზღვეული. ამ ცარიელ ქუჩებში თითქოს უდაბნოს ქარიშხალმა გადაიარა და თითქოს მარტო სიკვდილს მისცა უფლება თავისუფლად იაროს…
ყველაფერი დროებითია. გაბრაზებაც, შურისძიებაც, მრისხანებაც, ქონებაც, გემებიც, თვითმფრინავებიც, მოგზაურობაც…
მარტო ცვალებადობის კანონი ტრიალებს მარადიულად… მარტო ღმერთია მარადიული…
სიკვდილიც დროებითია… კი, ასეა და ამას ჩვენთვის ჯვარცმული უფალი სამ დღეში დაამტკიცებს…
ერთმანეთის სიცოცხლის გადარჩენისთვის, ერთმანეთის გაფრთხილებისთვის ტაძარშიც ვერ მივდივართ…
არ მინდა ამას შიში, უსუსურობა, მცირედმორწმუნეობა ვუწოდო…
მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენ დიდხანს უნდა მივესალმოთ ერთმანეთს… ქუჩები ისევ შევავსოთ ღიმილით და მონატრებული მოკითხვებით…
მაგრამ… მაგრამ… მ ა გ რ ა მ…
როცა მღვდელი ამბიონზე გადმოდგება და მთელი ძალით დაიყვირებს ,,ქრისტე აღდგა”!.. მინდა გუმბათებქვეშ ყველამ ერთად იხუვლოს -,,ჭეშმარიტად”!..
დღეს ეს უკვე სანატრელი გაგვიხდა… იცი რატომ?! ალბათ იმიტომ, რომ დავაფასოთ… ამ ჩაკეტილ სივრცეში ერთმანეთი დავაფასოთ…
ჰო, კიდევ, სიყვარულია მარადიული!..
ეს უკანასკნელი გაგვყვება საგზლად იმ გზაზე, რომელიც არავის აგვცდება…
სანამ, სანამ, სანამ….
ტაძრებში, ეზოებში, სახლებში ისევ შევიკრიბებით, მანამდე საკუთარ თავთან დარჩენილებმა ვიფიქროთ, იქნებ ჩვენ გამოვიწვიეთ დედამიწის ეს ტკივილი… ჰო, ტკივილი, რომელმაც ყველა საზღვარი გადალახა და ყველა სახელმწიფოში უვიზოდ შევიდა…
ახლა კი, ახლა მხოლოდ მოლოდინია… ჯვარზე თავისი ნებით ასული უფლის აღდგომის მოლოდინი!..
რომელიც დახშულ კარში შემოვა და გაცისკროვნებული იტყვის, ,,მშვიდობა თქვენთანა”… მერე თომას მოუხმობს და ,,უსაყვედურებს”, ,,ნუ იქნები ურწმუნო”!..
მერე აუცილებლად გაიღება დახშული კარები და შვებით ამოვისუნთქავთ… ფილტვებს კი კოვიდ-19-ის ნაკვალევი სამუდამოდ დატოვებს“!.. – წერს პეტრე კოლხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები