The Times of Israel: აშშ-ის დაზვერვა ისრაელს კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბერში აფრთხილებდა
“აშშ-ის დაზვერვამ 2019 წლის ნოემბერში შეატყობინა ქვეყნის ხელისუფლებას უხანში კორონავირუსის აფეთქების შესახებ”, – წერს The Times of Israel-ი.
გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ინფორმაციით არ დაინტერესდნენ, თუმცა ვაშინგტონმა ის ნატო-ელ პარტნიორებს, ასევე, ისრაელს მიაწოდა.
The Times of Israel-ი წერს, რომ ისრაელში მაღალჩინოსნები ამერიკელი კოლეგებისგან მიღებულ ინფორმაციას განიხილავდნენ. გამოცემის მტკიცებით, COVID-19-ის აფეთქების შესახებ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო იყო ინფორმირებული, თუმცა არაფერი გააკეთა.
ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია, ადრე ტელეკომპანია ABC-მაც გაავრცელა, რომ ნოემბერში სპეცსამსახურებმა თეთრ სახლსა და პენტაგონს მიაწოდეს ინფორმაცია ვირუსის გავრცელების საფრთხეზე.
თავის მხრივ, ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ თავიდანვე იცოდა, რომ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა.