ჭიათურის მერი მოსახლეობის დახმარებას აგრძელებს
ჭიათურის მერია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის დახმარებას აგრძელებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ამჯერად, საკვები პროდუქტები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველი ჯგუფის ინვალიდებსა და უსინათლო ბენეფიციარებს გადეცათ.
“იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის რეკომენდაციის შესაბამისად, ჭიათურის მერმა – გივი მოდებაძემ, მერის პირველ მოადგილე გიორგი ბიწაძესთან, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს ხათუნა ცერცვაძესა და სოციალური სამსახურის უფროს იოანე ვაშაძესთან ერთად, აღნიშნული სტატუსის მქონე რამდენიმე ბენეფიციარი პირადად მოინახულა, პროდუქტები გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
საკვები პროდუქტები უკვე გადაეცა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელებსა და მრავალშვილიან ოჯახებს.
ამ ეტაპისთვის, 3200 სასაჩუქრე პაკეტია შეძენილი და ეტაპობრივად ურიგდება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.
მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – ზვიად შალამბერიძის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერებს მიეცათ რეკომენდაცია, სოციალურად ყველაზე მოწყვლად კატეგორიას სასურსათე პაკეტები ადგილზე მიუტანონ, ასევე, დაეხმარონ მათ საჭიროებებიდან გამომდინარე”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.