„ქოლერის ეპიდემია“ – დიმიტრი ერმაკოვის ფოტო

„ქოლერის ეპიდემია“ – საქართველოს ეროვნული მუზეუმი  „National Geographic Magazine საქართველოს“ გვერდზე განთავსებულ ფოტოს – „ქოლერის ეპიდემიას“  რუბრიკით – „რეტრო, ჩვენი არქივიდან“ აქვეყნებს.
„დიმიტრი ერმაკოვის ამ ფოტოზე 1892 წლის ზაფხულის ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ასახული. კასპიისპირეთიდან გავრცელებულმა ქოლერის ეპიდემიამ ბაქომდე მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ცნობები ქოლერის გავრცელების შესახებ უკვე არსებობდა, ქალაქი ეპიდემიისთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. პირველად დაავადებამ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში იფეთქა. სპეციალური ეკიპაჟების უქონლობის გამო, ინფიცირებული ადამიანები ჩვეულებრივი ფაეტონებითა თუ ეტლებით გადაჰყავდათ დაავადებულთა დროებით ბარაკებში. ტრანსპორტის დეზინფექცია არ ხდებოდა, ამიტომ მომდევნო მგზავრებიც ავადდებოდნენ და ქოლერა უფრო და უფრო ვრცელდებოდა. სანიტარიული ნორმების, ექიმ-სპეციალისტებისა და ლაზარეთების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ეპიდემია თანდათან ქალაქის სხვა ნაწილებშიც გავრცელდა და მთელი ბაქო მოიცვა. პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა ყველა შესაძლო ტრანსპორტით ტოვებდა ქალაქს.
ინფექციის გავრცელების აღმოფხვრის მიზნით, ქალაქის მმართველობამ ყველა სამგზავრო მატარებელში დაავადებულთათვის საგანგებო ვაგონი გამოყო და სარკინიგზო ბაქანზე საკ-ვები პროდუქტებით ვაჭრობა აკრძალა. ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზის ყველა სადგური საგულდაგულოდ დასუფთავდა და დეზინფიცირდა. პოლიცია მკაცრად აკონტროლებდა მგზავრთა მიმოსვლას, ყველა ჩამოსული ვალდებული იყო, გაევლო სანიტარიული დამუშავება ორთქლით. ქოლერამ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ეპიდემიის წინააღმდეგ გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და აგვისტოს ბოლოს საბოლოოდ მოხერხდა მისი ჩაქრობა“.

ტექსტი: სოფიო ებრალიძე
ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერმაკოვის კოლექცია
წყარო:  https://nationalgeographic.ge/qoleris-epidemia/?fbclid=IwAR2DaEm6A4WejVgMQxujXbtX8oJ-AwaXqhRMI1yuW0erk47ha1Zqa7JVN0s

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები