პური არ გაძვირდება – მეპურეთა ასოციაცია მთავრობასა და “სოკარს” მადლობას უხდის

“გაზის ტარიფის 10 თეთრით შემცირება პურის ქარხნებსა და საცხობებს ხარჯებს შეუმცირებს”, – ასე აფასებენ მეპურეთა ასოციაციაში “სოკარის” იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პურის ქარხნებსა და საცხობებს სამომხმარებლო ტარიფი 86 თეთრიდან 76 თეთრამდე უმცირდებათ.

ასოციაციის ხელმძღვანლის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, კორონავირუსმა საცხობებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა და “სოკარის” მიერ დაწესებული შეღავათი მათთვის დიდი შვება იქნება.
დოლიძის თქმით, კორონავირუსმა პრობლემა ყველას შეუქმნა, თუმცა ვირუსთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა (შეფუთვა, ტრანსპორტირება, სადენზიფექციო საშუალებები) ხარჯი საგრძნობლად გაზარდა და რეგიონებში არსებულ შედარებით მცირე წარმადობის საცხობებს განსაკუთრებულად გაუჭირდათ.

“რეგიონებში არსებულ საცხობებს, დაახლოებით, ლარის გადახდა უწევდათ კუბურ მეტრში. მათთვის “სოკარის” ეს ინიციატივა დიდი შეღავათია. შეღავათია დედაქალაქში არსებული საწარმოებისათვის და მადლობა ამისათვის “სოკარსა” და მთავრობას “, – აცხადებს დოლიძე

მისივე თქმით, ახლა მთავარია, ფქვილი არ გაძვირდეს, რათა “სოკარის” შეღავათი არ გადაიფაროს. თუმცა, დოლიძის თქმით, პურის ფასი არც ამ შემთხვევაში  გაიზრდება. როგორც დოლიძე აცხადებს, პურის ფასში ენერგეტიკის წილი (დენი, ბუნებრივი აირი), დაახლოებით, 10 პროცენტს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები