გიორგი ვოლსკი: მედიათავისუფლება საქართველოში არის უზრუნველყოფილი
“მედიათავისუფლება საქართველოში არის უზრუნველყოფილი და ამას ხაზგასმით აღნიშნავენ მსოფლიო ბანკის თუ სხვა კომპეტენტური ორგანიზაციების კვლევები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ Amnesti internacional-ის სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც გამოთქმულია წუხილი საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ისა და „პირველის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, ხაზგასმულია, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა “რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას, ,,თიბისი ბანკის” დამფუძნებელ ხაზარაძისა და ტელეკომპანია „პირველის” მფლობელის წერეთლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
„Amnesti internacional-ის დასკვნები ემყარება იმ დასკვნებს და პროპაგანდისტულ მუშაობას, რომელსაც ინტენსიურად ეწევა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი, შეიძლება ითქვას არა მარტო ერთი ჯგუფი, არამედ რამდენიმე ჯგუფი და Amnesti internacional-იც ემყარება იმ ინფორმაციას, რომელსაც იღებს. რასაკვირველია, კრიტიკა აუცილებელია, სახელმწიფო უნდა იყოს მუდმივად მობილიზებული, მაგრამ ვერავინ ვერ გაიზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ოპოზიციური მედია შეზღუდული იქნა, პირიქით, მე მგონია, რომ ასეთი ოპოზიციური მედია, ამ ინტენსივობით და ამ ძალებით, არცერთ სახელმწიფოს აღმოსავლეთ ევროპაში არ ჰყავს. დასავლეთ ევროპის მედია სიტუაციის ანალიზიც გვიჩვენებს იმას, რაც გამოიხატება არაერთ კომპეტენტურ დასკვნაში, მათ შორის, მსოფლიო ბანკის კვლევებში, თუ სხვა კომპეტენტური ორგანიზაციების კვლევებში. მედია თავისუფლება საქართველოში არის უზრუნველყოფილი”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პირველი ვიცესპიკერის შეფასებით, თუ კონკრეტული ადამიანები სჩადიან დანაშაულს, ამას არანაირი კავშირი არა აქვს არც პოლიტიკასთან, არც მედიასთან, არც სიტყვის თავისუფლებასთან.