კახეთში 8 მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სასაფლაოები 10 დღით დაიკეტება
კახეთის რვა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სასაფლაოები 10 დღით დაიკეტება. ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის იქნა მიღებული.
“დღეს გაიმართა კახეთის რეგიონალური საოპერაციო შტაბის სხდომა, ონლაინთათბირი – რვავე მუნიციპალიტეტის მერების მონაწილეობით და იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ 10 დღით კახეთის მასშტაბით დაიხურება სასაფლაოები”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
კახეთის რწმუნებულის განცხადებით, სასაფლაოებზე გამკაცრდება პოლიციის კონტროლი და სოციალური ქცევის წესების დარღვევისთვის მიღებული იქნება ჯარიმები.
“სასაფლაოები იქნება დაკეტილი და, ამავდროულად, გაძლიერებული იქნება საპოლიციო კონტროლი, დამრღვევი პირებისთვის მიღებული იქნება სანქციები ჯარიმის სახით”, -განაცხადა ქადაგიშვილმა.
სასაფლაოები ღია იქნება მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში, მიცვალებულის დაკრძალვის მიზნით.