თენგიზ ცერცვაძე: ბათუმის ახალმა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორთან, თენგიზ ცერცვაძესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, აჭარაში Covid-19-ის მართვაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები დაათვალიერა და კლინიკებში არსებული სერვისების მიწოდების ხარისხს ადგილზე გაეცნო.
“ჩვენ ვნახეთ რესპუბლიკური საავადმყოფო, პირადად მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი თორნიკე ბრძანდებოდა და, მართალი გითხრათ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც ვნახე. ეს არის, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, საერთაშორისო სტანდარტების საავადმყოფო თავისი დიზაინით, აღჭურვილობითა და ინფრასტრუქტურით “, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა ცხელების ნიშნების მქონე და Covid-19 ინფიცირებული პაციენტების მისაღებად უმოკლეს დროში აღიჭურვა, რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაიხსნა და, ამ ეტაპზე, უკვე მიიღო 20 პაციენტი. შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, საავადმყოფოს სასწრაფო წესით აღჭურვისათვის შეძენილ იქნა დამატებით 27 მართვითი სუნთქვის აპარატი, 170 მრავალფუნქციური და საპალატე საწოლი, სამედიცინო აპარატები და აღჭურვილობა, რაც საჭიროა პაციენტთა სრული სერვისისთვის. აჭარაში კორონავირუსისა და, ასევე, ცხელების ნიშნების მქონე პაციენტების სამართავად, ჯამურად, 4 კლინიკაა მობილიზებული.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, საავადმყოფო კარგ დროს გაიხსნა, ახლა, როდესაც ქვეყანას ძალიან სჭირდება თანამედროვე კლინიკები, რომლებიც მზად არიან, მიიღონ პაციენტები და საუკეთესო სტანდარტებით უმკურნალონ.
პროფესორ თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ბათუმის კლინიკა „მედალფა” არის ერთ-ერთი საუკეთესო.
“ძნელია ასე ცალსახად თქვა, მაგრამ გადაჭარბების გარეშე, ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკაა საქართველოში, სადაც Covid-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, ყველა გაგებით. კლინიკა გამორჩეულია ინოვაციური მიდგომით. ექიმები და მენეჯმენტი იყენებს ყველა სიახლეს, რაც კი არსებობს მსოფლიოში და რაც ნებადართულია ოფიციალურად”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ბათუმის კლინიკა „მედალფაში” სტუმრობის შემდეგ.