ამირან გამყრელიძე: შეიძლება, ავიჭრათ 8 ათასზე, არ წახვიდეთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან
“ძალიან მძიმე მოწოდება მინდა, გავაკეთო. მიჭირს ეს მოწოდება, არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში ამ დღეებში, ვილოცოთ სახლიდან”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის” დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “რუსთავი ორის” ეთერში განაცხადა.
“ჩვენ ბოლო 3 დღეში 2 დიდი ნახტომი გავაკეთეთ ეპიდემიის განვითარების მრუდზე, ანუ ეს მიუთითებს იმაზე, რომ შიდა გავრცელება უფრო მეტია, ვიდრე – იდენტიფიცირებულია. ამიტომ საშიშროება კიდევ მეტია, ვიდრე ჩვენ ამას ვითავისებთ. თუ ოდნავ მოვეშვით, რაც მეტად მოსალოდნელია მომავალი 4 დღის განმავლობაში, ქცევის რეჟიმის მოშვება – ჩვენ შეიძლება, ავიჭრათ 5, 7, 8 ათასსა და კიდევ მეტ შემთხვევაზე. ძალიან მნიშვნელოვნად გადამწყვეტი იქნება, ეს არ გამოჩნდება მე-2, მე-3 დღეს, ეს თავის შედეგს 4-5 დღის შემდეგ მოგვცემს.
ძალიან მძიმე მოწოდება მინდა, გავაკეთო. მიჭირს ეს მოწოდება, არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში ამ დღეებში, ვილოცოთ სახლიდან. ილოცებენ მამაოები, მღვდელმთავრები, ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნის და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან. პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.