სუს-ი: უწყების ანტიკორუფციული სააგენტოს შემადგენლობაში კორუფციის პრევენციის სამსახური შეიქმნა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის ანგარიშში კორუფციის შემცირების და პრევენციის ღონისძიებებზეცაა საუბარი. ანგარიშში, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა აღნიშნულია, რომ უწყების ანტიკორუფციული სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
“საანგარიშო პერიოდში კორუფციის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით სამსახური მთავარ აქცენტს აკეთებდა ანტიკორუფციული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პრევენციული და პროაქტიული ანტიკორუფციული სამართალდაცვითი მექანიზმების, მათ შორის საჯარო სექტორში კორუფციის გამოვლენის და მისი პრევენციის ეფექტური ხერხებისა და აღსრულების სისტემის განვითარების კუთხით.
აღნიშნული მიზნით მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობები.
2019 წელს სააგენტოს შემადგენლობაში შეიქმნა კორუფციის პრევენციის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს კორუფციის აცილება/გამოვლენის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, საჯარო სექტორში კორუფციის რისკების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას, სააგენტოს საგამოძიებო სტატისტიკური მონაცემების ანალიზსა და დამუშავებას, რის საფუძველზეც ხდება კორუფციისთვის მოწყვლადი ჯგუფებისა და სფეროების იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება. კორუფციის პრევენციის სამსახური ახდენს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებული შესაძლო კორუფციის რისკების შეფასებას და აღნიშნული რისკების შემცირება/აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფდა კორუფციის პრევენციის საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას, ნორმატიული აქტების პროექტების ანტიკორუფციული კუთხით ანალიზსა და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას, ასევე ანტიკორუფციული მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას.
საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციის თვალსაზრისით, სამსახურისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს კორუფციულ დანაშაულებზე ცნობიერების ამაღლება და ამ მიზნით სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საინფორმაციო შეხვედრების გამართვა. აღნიშნული შეხვედრების მთავარი მიზანია სახელმწიფო ორგანოების ან/და თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე, ამ ბრძოლაში კორუფციის პრევენციის როლსა და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე.
აღნიშნული მიზნითა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანების შესრულების ხელშეწყობისთვის საანგარიშო პერიოდში შეიქმნა შიდაუწყებრივი სამუშაო ჯგუფი, რომლის ინტენსიური მუშაობის შედეგად შემუშავდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან საინფორმაციო შეხვედრების პროექტი, განისაზღვრა სამიზნე ჯგუფები, თემატიკა და დაიგეგმა შემდგომი შეხვედრების ორგანიზება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი უწყების მიერ 2019 წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 91 საქმეზე, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 135 პირი, მათ შორის ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და სხვა ფაქტებზე.
გატარებული ღონისძიებების ფარგლებში დაკავებულია არაერთი საჯარო მოხელე, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც უცხოელ ბიზნესმენს ქ. წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის აუქციონზე გატანისა და შესყიდვაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 250 000 ლარი გამოართვა.
გარდა ამისა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული იქნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი.
ასევე, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ იქნენ – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი.
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. გარდა ამისა, საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის 8 მოქალაქე, რომლებმაც აღნიშნული საქმიანობის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღეს”,-ნათქვამია ანგარიშში.