“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” მყოფ 24 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, მარეხი ბექაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფ 24 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
მისივე თქმით, ამჟამად, კლინიკაში 46 პაციენტი იმყოფება.
“ამჟამად, კლინიკაში 46 პაციენტი იმყოფება. ცხვირ-ხახის 25 ნაცხი PCR კვლევაზე იყო გაგზავნილი, 24 პასუხია მოსული და ყველა უარყოფითია. ერთი პაციენტის კვლევა გრძელდება. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებში. ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, დანარჩენის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ასაკოვანი ქალბატონია, რომელსაც პნევმონია აღენიშნება, მართვით სუნთქვაზეა და ზოგადი პროფილის კლინიკაში გადაიყვანენ. მასთან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხია მიღებული. გაწერით ის პაციენტები ეწერებიან, რომლებსაც მხოლოდ დაბალი ტემპერატურული რეაქციები – 37,1 ან 37,2 აღენიშნებათ, რომლებთანაც ასევე არ დაფიქსირდა ინფექციის კერა და გამოირიცხა კორონავირუსი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ჰოსპიტალი მხოლოდ დიაგნოზზე მუშაობს და არა – შემდგომ მკურნალობაზე, ყველა დიაგნოსტირებული პაციენტი შემდგომ სხვადასხვა კლინიკაში გადადის. ეს დინამიკური პროცესია, ყოველდღიურად, დაახლოებით, 50 პაციენტს ვიღებთ”, – განაცხადა ბექაიამ.