ალექანდრე მოწერელია: ინფიცირებული ექიმის შვილსა და მეუღლეს COVID-19  არ დაუდასტურდათ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისი განცხადებით, დაინფიცირებული ექიმის შვილსა და მეუღლეს COVID-19 არ დაუდასტურდათ.

“ამ დროისთვის, ჩვენს რეგიონში გვაქვს კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევა. ერთი ზედაეწერელი მამაკაცი, რომელიც იყო პირველი ინფიცირებული ჩვენს რეგიონში, უკვე გამოჯანმრთელდა და გაეწერა სახლში. მეორე მოქალაქე, რომელიც აფხაზეთიდან გადმოსული ქალბატონია, გუშინ აუღეს ანალიზი და უარყოფითი პასუხი გვაქვს, თუ დღესაც უარყოფითი ანალიზები ჩამოვა მასაც გაწერენ სახლში. რაც შეეხება მესამე შემთხვევას, 72 წლის ექიმს, რომელიც არის ფოთიდან და უკავშირდება ქობულეთის კლასტერს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საბედნიეროდ, მისი შვილისა და მეუღლის ანალიზები ჩამოვიდა და უარყოფითი პასუხებია. ექიმის კონტაქტები ცნობილია და მასზე დამატებით ეპიდემიოლოგები მუშაობენ“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 51 პირი იმყოფება, მათგან 7 პირი დღეს დატოვებს საკარანტინო სივრცეს. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 111 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 788 მოქალაქეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა ჟურნალისტებთან საუბარისას რუხის საავადმყოფოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულება მზადაა პაციენტების მისაღებად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები