„ახალგაზრდა ადვოკატები“: „ფრესკომ“ წაგებული საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

კომპანია „ფრესკომ“ Facebook-ის გვერდ „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ ავტორ გიორგი ლაბაძესთან, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისწამების შემცველი ცრუ ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით წაგებული დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც საერთო სასამართლოებში, გიორგი ლაბაძის ინტერესებს წარმოადგენს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სადავო გამონათქვამები კომპანიაში არსებული შრომითი დარღვევების შესახებ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში აზრის აბსოლუტური პრივილეგიით დაასაბუთა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სადავო გამონათქვამები არ ეკუთვნოდა გიორგი ლაბაძეს და სოციალური გვერდის ავტორმა საზოგადოებას მხოლოდ მიაწოდა კომპანიაში დასაქმებული თუ ყოფილი თანამშრომლების მიერ ერთობლივად მომზადებული განცხადების ტექსტი. ამასთან, გიორგი ლაბაძემ სატელევიზიო ეთერშიც გააკეთა განცხადება, რომ ცნობები, რომელიც გამოქვეყნდა მისი ავტორობით მოქმედ გვერდზე, ეკუთვნოდა კომპანიაში დასაქმებულებსა და ყოფილ თანამშრომლებს. სასამართლომ სრულად გაიზიარა გიორგი ლაბაძის დაცვის მხარის პოზიცია და კომპანიის მოთხოვნები დაუსაბუთებლად ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:

„განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ დარღვეულა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული დეკლარაციითა და საქართველოს კანონებით დაცული მოსარჩელის უფლებები. მოსარჩელეს მოეთხოვება, იყოს მეტად ტოლერანტული მის მიმართ გამოთქმული მოსაზრებების მიმართ. საზოგადოების ყურადღების დაკმაყოფილება მოითხოვს, რომ მსგავსი დისკუსია არ უნდა იქნეს აკრძალული, დათრგუნული სასამართლო გზით, რადგან დემოკრატიის საყრდენი ღერძი არის სწორედ სიტყვის თავისუფლება და საზოგადოების ჩართულობა საინტერესო და მნიშვნელოვან მოვლენებში.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ლაბაძე საჯაროდ გავრცელებულ წერილში, შესავალშივე ახდენს საზოგადოების ინფორმირებას იმ გარემოებების თაობაზე, რომ სადავო გამონათქვამები მას ნამდვილად არ ეკუთვნის და საზოგადოებაც თავიდანვე ინფორმირებულია, რომ გიორგი ლაბაძის საავტორო სოციალური გვერდი მხოლოდ ავრცელებს კომპანიის ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლების შრომითი პირობების თაობაზე არსებულ შეხედულებებს. აღნიშნულის თაობაზე მან ასევე განაცხადა 2017 წლის 10 თებერვალს, ტვ პირველის სატელევიზიო არხზე, „დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში”, სადაც აღნიშნა, რომ იგი პასუხისმგებლობას იღებდა მხოლოდ იმაზე, რომ წერილები მას სხვა პირებმა გადასცეს, ხოლო შეესაბამებოდა თუ არა მასში გადმოცემული ფაქტები სინამდვილეს, აღნიშნულს არ ამტკიცებდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით სადავო განცხადებები წარმოადგენს არა საზოგადოებისათვის მოპასუხის მიერ ფაქტის შესახებ მტკიცებითი ფორმით მიწოდებას, არამედ, სხვა პირთა მიერ მოწოდებული ცნობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არც განცხადებების გავრცელების და არც დავის პროცესში, მოპასუხეს არ მიუთითებია იმ პირთა შესახებ, რომელთა წერილებზე დაყრდნობითაც გაკეთდა ფესბუქსზე სტატუსი. მოპასუხეს ამ პირთა იდენტიფიცირება არ მოუხდენია არც სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობის დროს. მიუხედავად აღნიშნულისა, ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს განცხადებებისათვის ცილისწამების კვალიფიკაციის მინიჭების წინაპირობები, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხემ არ დაასახელა ინფორმაციის წყარო, ვერ გახდება მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, რადგან სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი – გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო – გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა იმ ფაქტობრივ/სამართლებრივი საფუძვლების არსებობა, რასაც უკავშირდება ცილისწამებისათვის პირის პასუხისმებლობა“ – აღნიშნულია სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში.

კომპანიის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა გიორგი ლაბაძეს „ფეისბუქის“ კუთვნილ გვერდზე: „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“, 2017 წლის 7 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით, კომპანიაში შრომითი უფლებების დარღვევის თაობაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფა მოეხდინა. ამასთან, გიორგი ლაბაძეს მოეხდინა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა: „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებით“ გამოქვეყნებული წერილების ნამდვილობის უარყოფაც. ამასთან, კომპანიის მოთხოვნას წარმოადგენდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გიორგი ლაბაძის მიმართ დაკისრების მოთხოვნა.

ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს საბაზისო დოკუმენტი, რომელიც სუპერმარკეტების ქსელში დასაქმებულთა უფლებების მიმართ ყველა სხვა დამსაქმებლის მხრიდან მეტ წინდახედულებასა და ყურადღებას უზრუნველყოფს. ორგანიზაციის პოზიციით, დავას საზოგადოებრივი მნიშვნელობა გააჩნია და ორგანიზაციისთვის სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეა.

ცნობისთვის: შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 13 მარტს დარეგისტრირდა, სამართალწარმოების გაჭიანურება განპირობებული აღმოჩნდა თავდაპირველი მოსამართლის ცვლილების გამო. საქმეზე სულ 6 სასამართლო სხდომა გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან კუჭავამ 2020 წლის 20 თებერვალს მიიღო.

ახალგაზრდა ადვოკატები, ფრესკო, სამართალი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები