არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პარლამენტი აქტიურად არის ჩართული კოვიდ 19-თან ბრძოლაში

„საქართველოს პარლამენტი აქტიურად არის ჩართული საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში და სამთავრობო კაბინეტთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს იმ ამოცანებსა და იმ პრობლემებს, რომლებზეც გადაწყვეტილებები არის მისაღები და რაზეც ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მან იმ ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ ისაუბრა, რომლებშიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო აქტიურად მონაწილეობს. მისი თქმით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს კლინიკების მზაობის მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებებს კონსულტაციებსა და მხარდაჭერასაც უწევს.

„დიმიტრი ხუნდაძე და ჩვენი კოლეგები პირადად იმყოფებოდნენ ცხელების ცენტრებსა და არაერთ კლინიკაში, რეგიონებში, სადაც კოვიდ 19-ის წინააღმდეგ რეაგირება და სამედიცინო სერვისები ხორციელდება”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტი, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების სახით, ჩართულია ეკონომიკური პაკეტისა და ეკონომიკური გეგმების მომზადებაში.

„აქ პაკეტები ორ ძირითად კომპონენტად მუშავდება – ერთი არის კრიზისული პაკეტი – ახლა რას ვაკეთებთ ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის და რას ვაკეთებთ ბიზნეს სექტორისთვის და მეორე არის კორონავირუსის პანდემიის შემდგომი პაკეტი, ანუ ეს არის შედარებით გრძელვადიანი პაკეტი ეკონომიკის აღდგენის”, – განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეგიონებში დახმარებისა და ძალისხმევის ორგანიზების კუთხით, აქტიურად მუშაობენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები.

„ეს არის პროდუქტების ძირითადი მარაგი, ეს არის კომუნალური გადასახადები, ინტერნეტით უზრუნველყოფა ბავშვების, რომლებიც დისტანციურად ესწრებიან გაკვეთილებს და სხვა მთელი რიგი დახმარებები – ამას აკეთებენ მაჟორიტარები ყოველდღიურ რეჟიმში. ეს არის ამ წუთებში პარლამენტის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პარლამენტის გენდერულმა საბჭომ, დეპუტატ ნინო წილოსანის ინიციატივით, დაიწყო კონკრეტული კონკრეტული ეკონომიკური ზიანისა და იმის შესწავლა, თუ როგორ აისახა პანდემია ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე.

„ამ კვლევის შედეგები იქნება მნიშვნელოვანი, ვინაიდან ის შემდგომში გათვალისწინებული უნდა იყოს მთავრობის ეკონომიკური დახმარების პაკეტებში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ, ასევე, განაცხადა, რომ პარლამენტს მუშაობა არ შეუწყვეტია საარჩევნო მიმართულებითაც – ჩატარდა არაერთი დისტანციური სამუშაო შეხვედრა და განახლებული პაკეტი ოპოზიციურ ფრაქციებს უკვე დაგზავნილი აქვთ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საბოლოო კომენტარების მოსასმენად ის უახლოეს მომავალში საპარლამენტო ჯგუფებთან ონლაინრეჟიმში შეხვედრას გეგმავს.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები